საიას იურისტი: როცა მედიასაშუალებას წყარო აწვდის ინფორმაციას, მას აქვს სრული უფლება, რომ ეს ინფორმაცია გააშუქოს

როდესაც ამა თუ იმ თემის, მით უმეტეს, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხთან დაკავშირებით მედიასაშუალებას წყარო აწვდის კონკრეტულ ინფორმაციას, გამოცემას აქვს სრული უფლება, ეს ინფორმაცია გააშუქოს, – ამის შესახებ “კვირას” საიას იურისტმა მარიამ გოგოსაშვილმა განუცხადა.
“კვირამ” საიას იურისტს პოლიტიკოს კახა კუკავას მიერ მედიაჰოლდინგის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.
“როდესაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, როდესაც მედიასაშუალებას წყარო აწვდის ინფორმაციას საკითხზე, გამოცემას აქვს სრული უფლება, რომ ეს საკითხი გააშუქოს – საზოგადოებას მიაწოდოს. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტს შეუძლია წყარო არ გაამჟღავნოს და მისი ანონიმურობა ბოლომდე დაიცვას. რაც შეეხება სხვა პირების დანაშაულის ნიშნებს – ანუ ინფორმაციის მიმწოდებელს, შეიძლება სადავო იყოს ის, თუ როგორ მოიპოვა უშუალოდ წყარომ ის ინფორმაცია, რომელიც შემდეგ მედიასაშუალებას გადასცა; რამდენად ჰქონდა წყაროს ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა და ა.შ. მაგრამ ეს მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის გავრცელებასთან არავითარ კავშირში არ არის. გამოძიება, მოკვლევა, შესაძლოა, დაიწყოს იმაზე, თუ როგორ იქნა მოპოვებული ინფორმაცია იმ პირის მიერ, ვინც შემდგომში ეს უკანასკნელი მედიასაშუალებას გადასცა”, – განაცხადა “კირასთან” მარიამ გოგოსაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსი კახა კუკავა “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით, „კვირას“ ექსკლუზიურ მასალას, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში გამოეხმაურა:
„როგორც იურისტმა, მინდა განვმარტო, რომ „კვირა.ჯიმ“, თავისი საპროკურორო წყაროებით, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, არამარტო იმიტომ, რომ ფორმალურად გამოძიების დაცული მასალები გაასაჯაროვა, არამედ, მთელი საქართველო, თუნდაც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც „თიბისი ბანკში“, თავისი „ნაწვალები“ კაპიკები ანაბრების სახით აქვს გახსნილი, დადის ახლა, კითხულობს, რა ვქნათ „თიბისიდან“ გამოვიტანოთ ფული და გადავიტანოთ თუ არა სხვა ბანკშიო. აი, ის ოპერაცია, რაც ჩაატარა პროკურატურამ, რომ „კვირა.ჯის“ – თავის სამთავრობო პორტალს, მისცა ის ინფორმაცია, სადაც მთელი სისხლის სამართლის დეტალები იყო გაწერილი. ეს არის ცალკე სისხლის სამართლის დანაშაული და ის პროკურორი, რომელმაც ეს ინფორმაცია ჟურნალისტს მიაწოდა, უნდა ჩაჯდეს ციხეში.
ჯერ ერთი, რომ ფორმალურადაც დანაშაულია, და მეორე – ეხება ისეთ მგრძნობიარე სფეროს, როგორიცაა საბანკო სისტემა, რომელიც შეიძლება დაანგრიოს. უბრალოდ, კლიენტების უნდობლობა ეს არის ცალკე დანაშაული და მე მგონი, არავის არ გვინდა იმ დროში დაბრუნება, როცა „ოქროს თასი“ და მსგავსი რაღაცები გაიხსნა და მერე ათასობით მეანაბრე ჰაერში დატოვეს“, – განაცხადა კახა კუკავამ გადაცემა „ბარიერში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები