სვანეთის სასწავლო-სამეცნიერო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ საინტერესო მასალებს მიაკვლია

2018 წლის ივლის-აგვისტოს თვეში,  ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, არქეოლოგიის ინსტიტუტის მიერ განხორციელდა სვანეთის სასწავლო-სამეცნიერო არქეოლოგიური ექსპედიცია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოები განხორციელდა მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემში, სოფ. ლახამში, ადგილი ,,ნალშკიდიში“.
ჩატარებული სასწავლო-სამეცნიერო არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგადაც შემდეგი დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი: მდ. ნენსკრას ორივე სანაპირო (ქვემო ლახამი, ზედა ლახამი, ქვედა მარღი, ლეწფერი, დევრა, ყარი სგურიში და ა.შ) განსაკუთრებით მისი მარჯვენა მხარე დახუნძლულია რკინის წარმოების ძეგლებით.
არსებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ რკინის წარმოებასთან დაკავშირებული ობიექტები ამ რეგიონში მოქმედებას იწყებენ ძვ.წ VII-VI სს-ებიდან. ქვემო მარღის ქურა სახელოსნოების გათვალისწინებით კი შესაძლოა, ამ თარიღის უფრო სიღრმეში ძვ.წ. VIII-VII სს-ებშიც გადაწევაც. რაც შეეხება აღნიშნულ ძეგლებზე კონკრეტულ თარიღებს: ზემო მარღის რკინის საწარმოო ქურა სახელოსნოები, სავარაუდოდ, უნდა განისაზღვროს ძვ.წ VII-VI სს-ებით.
გამოვლენილი ქურები და რკინის ქვის კარიერები მისი მასშტაბებიდან (80–100ჰა) გამომდინარე რკინის ხანის სამთო მეტალურგიის ყველაზე დიდი რეზერვუარები შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც მომავალი არქეოლოგიური კვლევა-ძიება დაადგენს.
ნიშანდობლივია ისიც, რომ სვანეთში შემორჩენილია ლითონების ადგილობრივი სახეობიდან და ლითონდამუშავების პროცესების აღმნიშვნელი ტერმინებიდან ნაწარმოები ძველი გვარები. ბერეჟიანი სიტყვიდან ,,ბერეჟ“ – რკინა. მუშკუდიანი – ,,მუშკიდ“ – მჭედელი, მჭედლიანი და სხვა.
ძველ ლეგენდა-გადმოცემებში საგანგებო ადგილი აქვს დათმობილი ხელოსნობის ამ დარგს და ჩანს მეტალურგ-ხელოსანთა საპატიო სოციალური ადგილი. რა არის წიდა. ეს არის ნარჩენები რაც რჩება მადნიდან, რკინის გამოდნობის შემდეგ. ანუ ჭუჭყი. სვანურად – წიდ. ანუ იმან, ვინც ისწავლა რკინის გამოდნობა, ისწავლა სვანური ენის მატარებელისაგან და დასტურად ამისა, რკინის წარმოების პროცესში დარჩა სიტყვა წიდა.
არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ დაადასტურა, რომ რკინის მოპოვებაში დაწინაურებული ყოფილან სვანური ტომები. ამგვარად, ძველი წყაროების ცნობები სანდო აღმოჩნდა, რადგან მათი მონაცემები არქეოლოგიური კვლევა-ძიებითაც დადასტურდა.
ექსპედიციის ხელმძღვანელი – თსუ პროფ.ზვიად კვიციანი, არქეოლოგი – სსუ პროფ.რევაზ ხვისტანი, არქეოლოგის ასისტენტი – ალექსანდრე ოქროპირიძე, მხატვარ-არქიტექტორი – ემზარ ლომთაძე. ასევე სტუდენტები: თორნიკე ნანეიშვილი, შოთა სტურუა, ანა ჩიკვილაძე, ლიზა ქოქოშვილი, ნელი ხუციშვილი, ოლეგ ბაბინი, გიგა ბაქრაძე, გალაქტიონ კვიციანი, მარიამ თუაშვილი, შალვა გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები