“მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა და შესაბამისად, პროცესი ფარული ვერ იქნება”

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა და შესაბამისად, პროცესი ფარული ვერ იქნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ჯერ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაუბრუნდება.
„მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ეს მოხდება პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავების შემდეგ. სამუშაო პროცესი არ არის დაწყებული, შესაბამისად, ის დაფარული ვერ იქნება. მინდა, შევახსენო საზოგადოებას, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც მან გააკეთა სასამართლოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, სადაც მკაფიოდ ითქვა, რომ დაინტერესებული მხარეები იქნებიან ამ პროცესში ჩართული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს ირაკლი აბესაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება, თითქოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ფარულად მიმდინარეობს სიმართლეს არ შეესაბამება.
„ვფიქრობ, დღეს ამასთან დაკავშირებით კამათი, ან განსხვავებული პოზიციები არ უნდა იყოს. მესმის, რომ თქვენ როგორც ოპოზიციის წევრმა, ეს სხდომა გამოიყენეთ, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი კიდევ ერთხელ საჯაროდ დაგეყენებინათ“, – მიმართა კომიტეტის სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ ირაკლი აბესაძეს.
ირაკლი აბესაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებზე მუშაობა ფარულად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები