“ორი წელია ვსაუბრობთ, რომ იუსტიციის საბჭო ძალაუფლების უზურპაციას ახორციელებს, თუ ვიღაც გვიერთდება, მივესალმებით, უკეთესი იქნებოდა, განცხადებები მანამდე გაკეთებულიყო”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებებს წარუდგენენ თუ როგორ უნდა მოხდეს კანდიდატების ხელახალი წარდგენა. ამის შესახებ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
“იუსტიციის საბჭოში ბრძოლა სამართლიანი სასამართლოსთვის ერთი წლის წინ დაიწყო. ჩვენ მივაღწიეთ პირველ გამარჯვებას – ეს არის შავი სიის გაჩერება. თუ ვინმე დღეს, ერთი და ორი წლის მერე ამ ბრძოლას უერთდება, ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ უკვე ორი წელია ვლაპარაკობთ იმაზე, რომ იუსტიციის საბჭო ძალაუფლების უზურპაციას ახორციელებს. დღეს თუ ვიღაც ჩვენ გვიერთდება, ამას მივესალმებით, თუმცა უკეთესი იქნებოდა, მანამდე გაკეთებულიყო ბევრი განცხადება. ხვალ საქართველოს პარლამენტს ჩვენ წარვუდგენთ საკანონმდებლო წინადადებებს, როგორ უნდა მოხდეს კანდიდატების ხელახალი წარდგენა. ეს გადაწყვეტილება საბჭომ აუცილებლად უნდა მიიღოს ერთხმად, აუცილებლად ღია საჯარო გასაუბრების ფონზე. სხვა პრინციპებზე ამასთან დაკავშირებით ხვალ დაწვრილებით მოგახსენებთ” , – განაცხადა დოლიძემ.
დოლიძის განცხადებით, არავის უნდა ეგონოს, რომ ტექნიკური საკითხებით, მძიმე-წერტილის გარჩევით შესაძლებელი იქნება ქართველი ხალხის მოტყუება და სწორედ ისე მახინჯურად, როგორც აქამდე გაკეთდა, არასასურველი, არადამოუკიდებელი ხალხის შეყვანა სასამართლოში რაღაც სამუშაო ჯგუფების გამოცხადებით დახურულ კარს მიღმა.
“ქართველი ხალხის უდიდესი ინტერესი არის ამ პროცესის მიმართ მიპყრობილი, ამიტომ, ჩემი აზრით, ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე და ღია და პარლამენტს მოუწევს ნორმალურ, დემოკრატიულ პროცესზე მსჯელობა”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები