„დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის ღირებულია“

„დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის არის ღირებული“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დროშის დღესთნ დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც ათონელის რეზიდენციაში გაიმართა.
მისი თქმით, დროშას ყველამ უნდა სცეს პატივი, რადგან ამ პატივისცემაში ქვეყნის პატივისცემაც გამოიხატება.
“მინდა, ყველას მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე. სახელმწიფო დროშის დღე, რომელიც აქ აღინიშნება იმით, რომ პირველად ორბელიანის სასახლეზე აღიმართება სახელმწიფო დროშა. ამით ვარ ბედნიერი. სახელმწიფო დროშა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ამაზე საუბარი მიწევს ახალგაზრდებთან, რამეთუ ეს დროშა არის თქვენი მომავლის დროშა. ეს არის ჩვენი ისტორიული დროშა და რომელიც სახელმწიფოსთვის, ერისთვის არის მისი მთელი ისტორიის ამსახველი. ჩვენ ვიცით, რომ არაერთი დროშის ქვეშ იბრძოდნენ ქართველები. პირადად მე გავიზარდე სამფეროვანი დროშის ქვეშ უცხოეთში, როცა მას არ ჰქონდა ის დატვირთვა სახელმწიფო დროშის და ვოცნებობდით, რომ საქართველოს ექნებოდა სახელმწიფო დროშა. დღეს, ეს დროშა არის ჩვენი სახელმწიფო დროშა. მას უნდა ვცეთ პატივი და ეს არის ქვეყნის პატივისცემა. სადაც არ უნდა იყოთ მომავალში, ამ დროშის ქვეშ უნდა ჩათვალოთ, რომ ხართ საქართველოს ელჩები. უნდა მოიქცეთ ისე, როგორც ამ დროშას შეეფერება. ამ დროშას იცავენ ჩვენი ჯარისკაცები აქ და ქვეყნის გარეთ. ამ დროშას იცავენ ჩვენი მესაზღვრეები, ის ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზზე. მას პატივს სცემენ ჩვენი სპორტსმენები, ამ დროშის ქვეშ დაგვაქვს ჩვენი კულტურა, რომელიც არის ჩვენი საგანძური და რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ, არანაკლებად ვიდრე დროშას. ამ დროშის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება და ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის არის ღირებული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები