ავტომობილებს, რომლებსაც ტექნიკური დათვალიერება არ გაუვლიათ, დღეიდან „ჭკვიანი“ კამერები დააჯარიმებენ

ე.წ. “ჭკვიანი” კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან, ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამ დროისთვის, ვიდეოკამერები თბილისის და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გადანაწილებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაამონტაჟა და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის, 795 ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. “ჭკვიანი” ვიდეოკამერაა.
სამინისტრო 2019 წელსაც განაგრძობს ქვეყნის ტერიტორიაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარებისა და ე.წ. “ჭკვიანი” ვიდეოკამერების განთავსებას და ამოქმედებას.
აღსანიშნავია, რომ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მთავრობის 510-ე დადგენილების ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ძალაში შესვლის შესაბამისად, ე.წ. “ჭკვიანი” კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან, ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
ამ დროისთვის, ვიდეოკამერები თბილისის და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გადანაწილებული.
შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.
შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში, ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებგვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმადაც, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები