ბექა ნაცვლიშვილი: თუ ყველა იზიარებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატები არ არიან დამაკმაყოფილებელი, მაშინ დავა არის პიროვნული

„ვინც ამ სიას ვეწინააღმდეგებით, დარწმუნებული ვართ, რომ ეს წინააღმდეგობა არის სამართლიანი და საქართველოს მომავალზე ორიენტირებული მოთხოვნა. ყველამ უნდა გააცნობიეროს ეს მიზანი და პიროვნული წყენა უნდა გადავდოთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დეპუტატი განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მმართველ გუნდში შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა არსებობს.
„მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც დაიწყო და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებასა და ნორმალური, ჯანსაღი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას ეხება. შეიძლება, ამან უფრო დიდ პროცესს მისცეს ბიძგი და ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბების საფუძველი გახდეს.
დეპუტატები ვაქტიურობდით და ღიად ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას. შესაძლოა, ეს განცდას ბადებს, რომ გუნდში არის განსხვავებული პოზიციები. ყველასთან კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა ვიმედოვნებ, არიან სხვა კოლეგებიც გუნდში, რომლებიც ასევე არიან განწყობილი წარდგენილი სიის მიმართ. ვინც ამ სიას ვეწინააღმდეგებით, დარწმუნებული ვართ, რომ ეს წინააღმდეგობა არის სამართლიანი და საქართველოს მომავალზე ორიენტირებული მოთხოვნა. ყველამ უნდა გააცნობიეროს ეს მიზანი და პიროვნული წყენა უნდა გადავდოთ. როგორც ჩანს, ეს პიროვნულ დონეზეა, რადგან თუ ყველა იზიარებს, რომ მოსამართლეობის კანდიდატები არ არიან დამაკმაყოფილებელი, მაშინ დავა არის პიროვნული“, – განაცხადა ნაცვლშვილმა.
ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები