გია აბაშიძე: ივანიშვილის განცხადებამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ ყველა ე.წ. დაჯგუფებასა თუ ფრთაზე მაღლა დგას

ექსპერტი გია აბაშიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.
„ხომალდზე” ბუნტია?
კონსპიროლოგიას თუ გავყვებით, ლუგარის ლაბორატორიაზე ბევრად საინტერესო და საშიში ქართული პოლიტიკაა, ანუ „ივანიშვილის ლაბორატორია”. აქ უწყვეტ ცდებს ატარებენ. ახდენენ სელექციას, სინთეზს, ანალიზს, დაშლასა და შეერთებას. ძველი შტამები ნადგურდება და იქმნება ახლები. კოლბებში ფორმირდება ინსტიტუტები, სინჯარებში გამოჰყავთ პოლიტიკოსები საჭირო თვისებებით. შემდეგ ისინი იტესტებიან ჯერ მჟავა და მერე ტუტე გარემოში და თუ რეალპოლიტიკაში არ გამოავლენენ სასურველ შედეგებს, მომენტალურად განადგურდებიან.
„ლაბორატორიის” ხელმძღვანელი ცივსისხლიანი პრაქტიკოსია. მისი მეტსახელიც აქედან მოდის – „უდავი”. მაგალითად, ამ ფოტოზე ასახული პოლიტიკოსებიდან „უდავმა” ყველა „მოინელა”. ახლა სხვა რეალობაა. კოლბებისა და სინჯარების ბინადრებმა ჩათვალეს, რომ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ არსებობა, „ლაბორატორიის” გარეთ. პროდასავლური ახალგაზრდა შტამების ინტერესები დაემთხვა „ოცნებამდელი” ქოცების ინტერესებს. „ბუნტ ნა კარაბლე”?!.
თუმცა, ნუ გვავიწყდება, რომ ივანიშვილს აქვს პოტენციალი პოლიტიკური ველიდან თუ ამ „ლაბორატორიიდან” გააქროს უპასუხისმგებლო, რამე „ცოდვაში” დადასტურებულად მხილებული ჭყინტი თუ შედარებით დაღვინებული პოლიტიკოსები, ე.წ. თინეიჯერები თუ ძველგაზრდები. ეს ხომ „უდავის” „ლაბორატორიაა”? თუ ის ხედავს, რომ, პირობითად, კობახიძის, ბესელიას თუ სხვისი ფლანგი, რამე შავბნელში დადასტურებულად შემჩნეულია ანდა დაკარგული აქვს სახალხო მხარდაჭერა, ის მას/მათ ადვილად დაემშვიდობება…
მისმა გუშინდელმა განცხადებამაც მკაფიოდ დაგვანახა, რომ ყველა ე.წ. დაჯგუფებასა თუ ფრთაზე მაღლა დგას, ხოლო ნებისმიერი „ვისკაჩკა”, ნებისმიერი ამ ე.წ. დაჯგუფებიდან იღებს/მიიღებს მისგან საკადრის პასუხს.
ამასობაში, „ქოცნებამ” ამ ნაახალწლევს, გასვლითი სემინარი მოაწყო კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორში”. თემა – საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესება. მსგავსი შეხვედრა, ხარჯების დაზოგვით, თბილისშიც თავისუფლად შესაძლებელია ისედაც იმედგაცრუებული ამომრჩევლების, დამქირავებლების კიდევ უფრო გაღიზიანების გარეშეც.
ეჰ! სემინარი, რომ „ომებს” იგებდეს, საშა კაცმანი იქნებოდა ამ ქვეყნის გენერალისიმუსი.

ივანიშვილი [„უდავი”] კი ჯერ დუმს და „ქიმიურ რეაქციებს” მიკროსკოპში აკვირდება…” – წერს თავის „ფეისბუქგვერდზე“ ექსპერტი გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები