მიწისძვრის დროს სახლს ვერ ააშენებ – ამირან სალუქვაძე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს

ჩემთვის არაა მისაღები უცხოელი მოსამართლეების მოწვევაც. თუ არ გვაქვს იმის შნო, რომ სასამართლო სისტემა შევქმნათ, რომელ დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ? – ამის შესახებ ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, სასამართლო სისტემას ესაჭიროება გაჯანსაღება და საკითხის ირგვლივ შეთანხმება უნდა მოხდეს.
“დღეს ერთ-ერთი მთავარი თემაა “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე დაპირისპირება. გუშინწინ, გადაცემაში, მომიწია ამ საკითხის კომენტირება, რამდენადაც მესმის ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს, სასამართლო სისტემის მნიშვნელობა, მიზანშეწონილია, ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მივუდგეთ და პოლიტიკური ბატალიების საგნად არ იქცეს.
სასამართლო სისტემას ესაჭიროება გაჯანსაღება და არა დანგრევა. ჩემთვის არაა მისაღები უცხოელი მოსამართლეების მოწვევაც. თუ არ გვაქვს იმის შნო, რომ სასამართლო სისტემა შევქმნათ, რომელ დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ?
დაფიქსირებული პოლიტიკური ძალების პოზიციები, გარკვეულია საზოგადოების პოზიციაც. გუშინ გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის წერილიც ამ თემაზე. ყველა ამ პოზიციებში ნათლად ჩანს, რომ საჭიროა მოხდეს შეთანხმება ამ საკითხის ირგვლივ.
როგორც ჩანს, არავინ აპირებს არავის ხერხემლის გადამტვრევას. დაველოდოთ საგაზაფხულო სესიას. მანამდე, ვისაც ხელეწიფება, შეიმუშავეთ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და მიაწოდეთ პარლამენტს. როგორც გადაცემაში აღვნიშნე, წარმოდგენილ სიაში, ასევე სასამართლო სისტემაში, არიან ადამიანები, რომელთა მიმართ პრეტენზიები არ არსებობს.
მიწისძვრის დროს სახლს ვერ ააშენებ. სასამართლო სისტემა ფაქიზ მიდგომას საჭიროებს. შესაბამისად, დავუწიოთ დუღილის ტემპერატურას, ამავე დროს ფხიზლად მივადევნოთ თვალი პროცესებს”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები