ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა ავსტრიულ კომპანიას მიენიჭა

ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა „Wucher Helikopter Gmbh“-ს მიენიჭა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით,  შემოტანილი განაცხადის მიხედვით, ავსტრიული კომპანია „Wucher Helikopter Gmbh“-ი  მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე, cureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით, „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს. ნებართვა „Wucher Helikopter Gmbh“-ზე, რომელიც საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში 2013 წლიდან ოპერირებს, 2019 წლის 4 იანვარს გაიცა.

ფრენები  ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) დაიშვება.

კომპანიის ოპერირება ხელს შეუწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართული კომპანიებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე იგივე საქმიანობის განხორციელება დაშვებულია გამარტივებული პირობებით – ოპერირების დაწყებამდე, შპს   „საქაერონავიგაციისთვის“ ფრენის გეგმის (Flight Plan) მიწოდებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები