მამუკა ბახტაძე: 2018 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა, ეს მართლაც უნიკალური წარმატებაა
2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა. ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს მართლაც უნიკალური წარმატებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა წარადგინა.
მისი თქმით, წარმოდგენილი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოს მიმართ ცნობადობა და ინტერესი ყოველდღე იზრდება.
„რიცხვი, რომელიც ახლა უნდა დავასახელო, ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში. 2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა. ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს მართლაც უნიკალური წარმატებაა. რას ნიშნავს ეს? – პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველდღე იზრდება, ვიზიტორები საქართველოში ეცნობიან ჩვენს უნიკალურ კულტურას და კიდევ ერთხელ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა არის საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. პირველ იანვარს ევროკავშირის უმაღლესმა წარმოამადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და საქართველოს დიდმა მეგობარმა ფედერიკა მოგერინიმ თავის საახალწლო მიმართვაში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად სწორედ ფრანქფურტში მსოფლიოს წიგნის ყველაზე დიდ ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრობა დაასახელა. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიურია – 2018 წელს საქართველო უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად დასახელდა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციებისა და გამოცემების რეიტინგებში. ასევე, საერთაშორისო კვლევითი პორტალის – “ნამბეოს მონაცემებით”, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზე გავიდა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა და ის რეიტინგში მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს მაშინ, როდესაც ევროპაში ჩვენ მეორე ადგილზე ვართ. სწორედ ამიტომ, ტურიზმის განვითარება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.