„ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო ისევ ლიდერის პოზიციაზეა“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “რედისონში” ბიზნესმენებთან მეორე შეხვედრა გამართა. პრემიერმა მათ ის ცვლილებები გააცნო, რომელიც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის სფეროში განხორციელდა.
“საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონკურენციის შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა კონკურენციის სააგენტო, რომელიც ნორმატიული ბაზის შექმნისთანავე აქტიურად დაიწყებს მუშაობას.
შეიქმნა მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომლის მიზანია დამწყები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება, აგრეთვე ექსპორტის ხელშეწყობა, წახალისება და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია. სააგენტოს ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეწარმეობისა და ექსპორტის განვითარებას როგორც ფინანსური, ისე სამეწარმეო უნარების განვითარების კუთხით. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებით, ბანკებს მოეხსნათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების მოპოვების შეზღუდვა. გრძელდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც, მინდა გითხრათ, წელს კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათისაა. სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარების მიზნით, მოქმედებს მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი.
2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა 40 კოოპერატივს. ვიცით, რომ კოოპერაცია, როგორც მიწის, ისე სხვა რესურსების კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია აგრარული სექტორისთვის. მეგობრებო, წინა შეხვედრის შემდეგ პრაქტიკულად განახევრდა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობა. რაც შეეხება საგარეო სავაჭრო ბრუნვას, 2014 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 441 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 19 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი 13 პროცენტით გაიზარდა“, – აღნიშნა პრემიერმა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიზნეის კეთების რეიტინგში საქართველო ლოდერის პოზიციაზეა. მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბაჟო და საგადასახადო სისტემაში კორუფციის პრევენციის საკითხებს.
„ამასთან, 2014 წლის პირველი კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 7,4 პროცენტი შეადგინა. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ბიზნესის კეთების 2014-ის რეიტინგში საქართველო ისევ ლიდერის პოზოციაზეა – 189 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა. მათ შორის, მოწინავე პოზიციებზე ვართ ბიზნესის დაწყების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქონების რეგისტრაციის, აგრეთვე, ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, დაიწყო მუშაობა საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებისათვის. უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბაჟო და საგადასახადო სისტემაში კორუფციის პრევენციის საკითხებს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შემუშვების პროცესშია კონკურენციის სააგენტოს სრულყოფილად ამოქმედებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტები და ამაში ქართველ ექსპერტებთნ ერთად საერთაშორისო ესპერტებიც არიან ჩართული.
„შემუშავებულია და მალე მთავრობა განიხილავს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას – საქართველო 2020, რომლის ძირითადი მიზანია ყოვლისმომცველი (ინკლუზიური) ეკონომიკური ზრდა. სტრატეგიის მთავარი მიმართულებებია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ადამიანური რესურსების განვითარება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. იცით, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია. ეს პროგრამა პირველი ივნისიდან ამოქმედდება. ეს გახლავთ მთავრობის პროგრამა, რომლის მიზანიცაა კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირება, ქართული პროდუქციის შექმნა, მისი ხარისხის უზრუნველყოფა და წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარება“, – აღნიშნა პრემიერმა.