საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს გმობს
საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებს გმობს.
როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ასამბლეა რუსეთის ფედერაციის აღნიშნულ ქმედებებს საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უხეშ დარღვევად და რუსეთის მხრიდან პირდაპირი სამხედრო აგრესიის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სამი ხელმომწერი სახელმწიფოს პარლამენტები რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენებით ოკუპაციას, ანექსიასა და უკანონო ქმედებებს არასდროს შეურიგდებიან.
რეზოლუციის თანახმად, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ სამხედრო ქმედებებს ქერჩის სრუტეში.
დოკუმენტის მიხედვით, სამი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას ხომალდების დაბრუნებისა და უკანონოდ დაკავებული უკრაინელი მოსამსახურეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, ასევე, ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში თავისუფალი საერთაშორისო ნაოსნობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები ოკუპირებულ და ანექსირებულ ტერიტორიებზე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულებების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყოს უკანონოდ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების დეოკუპაცია. შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეების დესტაბილიზაცია და პატივი სცეს ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”,- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
დოკუმენტში ხაზგასმულია საერთაშორისო თანამეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორების მიერ შესაბამისი ზომების მიღებისა და აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოებისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვის მნიშვნელობა.
„საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის მთავრობებს მოუწოდებს, გააერთიანონ ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ უკრაინული ხომალდებისა და ეკიპაჟის წევრების გათავისუფლება; უზრუნველყონ ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვაში უსაფრთხო საერთაშორისო ნაოსნობა და იმოქმედონ მათი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევების წინააღმდეგ”, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.