დიასახლისები უსაქმურები არ არიან, ეს სამართლიანი განცხადება არ არის, – გიორხელიძე ეკონომიკის მინისტრის განცხადებაზე

ჯერ ერთი, დიასახლისები უსაქმურები არ არიან, მეორეც – ეს სამართლიანი განაცხადება არ არის, – ასე ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებას.
ქობულიას განცხადებით, “ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს იმ ადამიანების, რომლებიც არიან სამუშაო ადგილის გარეთ. ტიპური წარმომადგენლები არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ“.
„ჯერ ერთი, დიასახლისები უსაქმურები არ არიან , მეორეც – ეს სამართლიანი განცხადება არ არის.
ქართველი დიასახლისების უდიდეს ნაწილს გაჭირვებაში აღმოაჩნდა ფანტასტიკური შემართება, 800 000 ქალია ქვეყნიდან გასული, რომელიც არჩენს საქართველოს. ჩვენ არ ვუსწორებთ სიმართლეს თვალს, თორემ ის, რომ ასე თუ ისე ოჯახები არსებობენ იმ 800 000 ქალის დამსახურებაა, ზოგი საზღვარგარეთ ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებს, ზოგმა ძალიან კარგ წარმატებას მიაღწია. ჩვენ ესეც არ ვიცით – წარმატებული ქალები ინგლისში, ევროპაში, რუსეთში, აშშ-ში. არავის ეზარება შრომა. მაგრამ მეორეც არის, რაც მინისტრმა უნდა იცოდეს, ადამიანი არ გავა სახლიდან, არ მოაკლებს ყურადღებას თავის შვილებს, თუ შედეგი, რომელიც შეიძლება სხვაგან დახარჯოს,100 და 200 ლარში იქნება გამოხატული. რა თქმა უნდა, 100 და 200 ლარი არ არის ის ფული, რომელიც პატივისცემას არ იმსახურებს. მაგრამ ყველაფერს ალტერნატიული ღირებულება აქვს: რა ჯობია – არ მოაკლო ყურადღება შენს ოჯახს და შვილებს, თუ გახვიდე და იმუშაო ძალიან მიზერულ ხელფასზე?“- განაცხადა გიორხელიძემ.
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ახალი სამუშაო ადგილები იქმნება.
“2017 წელს ბიზნესსექტორში შეიქმნა 41 000 სამუშაო ადგილი. საკმარისია ეს თუ არა? ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. თუმცა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ეკონომიკაში წელიწადში 30-40 ათასი სამუშაო ადგილი იქმნება. ჩვენ გვინდა ეს მაჩვენებელი მივიყვანოთ 60 000 სამუშაო ადგილამდე წელიწადში. ეს სამუშაო ადგილები იქმნებოდა 2016-შიც. უმუშევრობის დონე იკლებს, თუმცა უმუშევრობაში ვხედავთ დიდ გამოწვევას. ეს გამოწვევა არის იმაში, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, უმუშევრობის შემცირების ტემპი დაბალია. იკლებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. 3.7 მილიონიდან, ვისაც მუშაობა შეუძლია არის დაახლოებით 2 მილიონი. დანარჩენი არის 15-წლამდე ბავშვი, საპენსიო ასაკის ადამიანები. ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს იმ ადამიანების, რომლებიც არიან „სამუშაო ადგილის გარეთ“. ტიპური წარმომადგენლები არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ. თუმცა, არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ საერთოდ მუშაობა არ გვინდა. ამ ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა ქობულიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები