ქუთაისში დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება

31 დეკემბერს, ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე, „თი-ბი-სი“ გალერეაში,  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით, კონცერტს გამართავს ვირტუოზი პიანისტი დავით ალადაშვილი.
როგორც „კვირას“ ქუთაისიდან აცნობეს, კონცერტი ქალაქის საახალწლო ღონისძიებების განრიგით თარდება.
პიანისტი არაერთი კონკურსის გამარჯვებული და ჯილდოს მფლობელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ. მას არაერთხელ დაუკრავს ისეთ სცენებზე, როგორიც არის „Carnegie Hall“, „Lincoln Center“, „Teatro alla Scala“.
2013 წლის 13 დეკემბერს მისი სადებიუტო ალბომი „ოპუს 13“ New York Times-მა წლის ერთ-ერთ საუკეთესო ახალ ალბომად აღიარა.
2008 წლიდან, საქართველოში ის აქტიურად ატარებს კონცერტებს და არაერთ საქველმოქმედო, სოციალურ თუ საგანმანათლებლო პროექტს უდგას სათავეში.
2018 წელს დავითის უნიკალურმა პროექტმა „პიანინო“ მთელი საქართველო შემოიარა. ორი კვირის განმავლობაში სპეციალურად შექმნილ ავტომობილზე დამონტაჟებული მოძრავი სცენით საქართველოს ყველა რეგიონში, 40-მდე ქალაქში, 44 კონცერტი გამართა, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებთანაც.
2019 წელს დაგეგმილი აქვს საკონცერტო ტურნეები ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზიაში, ასევე ახალი დისკის პრეზენტაცია, რომელშიც ფრედერიკ შოპენის 24 პრელუდიასთან ერთად შესრულდება დავით ევგენიძის 24 პრელუდია, შექმნილი სპეციალურად დავით ალადაშვილისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები