2020 წლის ბოლოს გვექნება შედეგი, ჰაერის დაბინძურება იქნება გაცილებით ნაკლები – მევლუდ მელაძე ტექდათვალიერების რეფორმაზე საუბრობს
“საქართველოს საავტომობილო ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის განცხადებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ძალიან საჭირო რეფორმაა.
ტექდათვალიერების შესახებ მელაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ეს ძალიან საჭირო რეფორმაა. გაუმართავი ავტომობილი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას იწვევს.
ძალიან რთული პროცესი დაიწყო. რთულია მძღოლებისთვის, მათთვის, ვისთვისაც ეს პროცესი არ არსებობდა აქამდე, უნდა შევემზადოთ ამ პროცესისთვის, რომ ავტომობილმა გაიაროს ტექდათვალიერება. ეს არცთუ ისე მარტივია. მით უმეტეს, რომ ჩვენ ძალიან ძველი ავტოპარკი გვაქვს საქართველოში. ავტომობილების შესაბამისობაში მოყვანა ძალიან რთულია. რთულია ვთქვათ ის, თუ რა შედეგები დადო უკვე ამ რეფორმამ, იმიტომ, რომ 2019 წლიდან იწყება აქტიურ ფაზაში. აქამდე იმ ავტომობილების ტექდათვალეირება იყო, რომელიც ორგანიზაციებს ეკუთვნოდა. 2019 წლის ბოლოს, როცა ყველა ავტომობილი ჩაერთვება პერიოდულ ინსპექტირებაში უკვე შეგვეძლება ათვლის წერტილი გვქონდეს. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში მაინც გამონაბოლქვია. ამ კუთხით ეს რეფორმა ძალიან კარგ შედეგს დადებს. ხილული გამონაბოლქვი აღარ იქნება და 2 წლის განმავლობაში სტანდარტი აიწვეს. 2020 წლის ბოლოს გვექნება შედეგი, ჰაერის დაბინძურება იქნება გაცილებით ნაკლები ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ახლა არის.
ყველაზე მეტად დღეს რა პრობლემებიც დგას, ეს არის ავტომობილის ელემენტარული მოუმზადებლობა, უმეტეს შემთხვევაში საქარე მინა დაზიანებულია, ამის გამო ვერ გაივლიან ინსპექტირებას. თუ 5 მილიმეტრზე მეტია ხარვეზი მინაზე მათ დასჭირდებათ ახალი საქარე მინა. მეორე, რაც ხშირად ხდება – ხელის მუხრუჭი არის მწყობრიდან გამოსული, მუხრუჭების გასწორება ყველა შემთხვევაში მოუწევთ. მესამე არის – სავალი ნაწილი. უნდა გავსინჯოთ, რაიმე ხომ არ არის დაზიანებული. კიდევ ერთი პრობლემა, რაც დგას, განსაკუთრებით, იაპონიიდან ჩამოყვანილი ავტომობილების შემთხვევაში, მაშუქების არასწორი კუთხით განათება. ამას მარტივი ხერხით, სტიკერებით აგვარებენ, ის ჭრილი რომელიც აბრმავებს შემხვედრს, მარტივად ერთი სტიკერის მიკვრით გვარდება“, – განაცხადა მელაძემ.
ცნობისთვის, პირველი იანვრიდან ტექდათვალიერება ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო ხდება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში, 2018 წლის პირველ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა)2018 წლის 3 იანვრიდან, ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
ბ) 2018 წ. პირველი ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება.
გ) 2018 წ. პირველი ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება.
დ) 2019 წ. პირველი იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.
თამუნა შეყილაძე