პირველი იანვრიდან ტექდათვალიერება ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო ხდება-როგორ უნდა მოემზადონ მძღოლები ტექინსპექტირებისთვის
პირველი იანვრიდან ტექდათვალიერება ყველა ავტომობილისთვის სავალდებულო ხდება. რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა ტექინსპექტირების შესახებ? როგორ უნდა მოემზადონ მძღოლები ტექდათვალიერებისთვის? – ამ საკითხებთან დაკავშირებით „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ვაჟა იორდანიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„პირველი იანვრიდან დღემდე დატესტილია 135 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება, აქედან 95 ათასი მიჩნეულია ვარგისად, 40 ათასი უვარგისად. როცა განმეორებით ინსპექტირებაზე მიდის სატრანსპორტო საშუალება, მათგან მხოლოდ 5% ხარვეზდება. ამ ეტაპისთვის ყოველი მეორე ავტომობილი ვერ გადის პირველად ინსპექტირებას. მნიშვნელოვანია, მძღოლებმა მიაქციონ ყურადღება ისეთ ნიუანსებს, რამაც შეიძლება არ გამოიწვიოს პირველადი დახარვეზება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ვიზუალურად მძღოლს შეუძლია პირადად შეამოწმოს საკუთარი ავტომობილი. მაგალითად, მაშუქ ფარებზე, რომელიც, როგორ აღმოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დახარვეზების დროს, ყველა სანათი უნდა ანათებდეს. ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ საბურავებს, ერთი და იგივე პროტექტორის ნახატი უნდა იყოს, სხვადასხვა ტიპის საბურავები დაუშვებელია. ასევე, უსაფრთხოების ღვედებიც უნდა იქნას შემოწმებული როგორც წინა, ასევე უკანა სავარძელზე. ეს არის ის, რაც მძღოლს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობით აღმოაჩინოს. ამის შემდეგ ავტომობილი გამზომ ხელსაწყოზე მოწმდება – გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, დაკიდების სისტემა. თუ ამ კუთხით მოაწესრიგებენ და ისე მიიყვანენ ინსპექტირებაზე დახარვეზების პროცენტი პირველადი ინსპექტირების დროს გაცილებით ნაკლები იქნება. მძღოლს 1-თვიანი პერიოდი აქვს პირველადი დახარვეზების შემდეგ აღმოფხვრას უწესრიგობა, განმეორებითი ინსპექტირება უფასოა“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ 40 ათასი დახარვეზებული სატრანსპორტო საშუალებიდან განმეორებით ინსპექტირებაზე მხოლოდ 28 ათასი მივიდა.
„12 ათასი არ მისულა ინსპექტირების ცენტრებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 12 ათასი ავტომობილი დღეს დადის გზებზე და გაუმართავია. აქ მნიშვნელოვანი ელემენტი ერთვება – ეს არის მათი მონიტორინგი გზებზე. დღეს მხოლოდ საპატრულო ეკიპაჟი აწარმოებს მონიტორინგს, ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ გამოვლინდეს ის ავტომობილები, რომლებსაც დარღვეული აქვთ ინსპექტირების ვადები. საჭიროა სხვა ტექნოლოგიების გამოყენება, მაგალითად, ჭკვიანი ვიდეოკამერების, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაზაში გადარჩევას და იმ ავტომობილების იდენტიფიცირებას, რომელთაც დარღვეული აქვთ ინსპექტირების ვადები. მომავალში საჭირო იქნება, დაიდგას გარკვეული ინდიკატორები, რომლებიც განსაზღვრავენ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების ჭარბ რაოდენობას. ინსპექტირება არის ერთჯერადი პროცედურა, რომელსაც გადის ავტომობილი წელიწადში ერთხელ, ერთჯერადი პროცედურა ვერ უზრუნველყოფს მთლიანი წლის განმავლობაში ავტომობილის გამართულ ფუნქციონირებას“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურა მზადაა იმისთვის, რომ 1 იანვრიდან ტექდათვალიერებაზე გაზრდილ მოთხოვნას მოემსახუროს.
„დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 40 აკრედიტებული ინსპექტირების ცენტრია, რომლებიც 46 ლოკაციაზეა წარმოდგენილი, საერთო ჯამში მათ გააჩნიათ 89 ინსპექტირების ხაზი, აქედან 29 განთავსებულია თბილისში. რესურსი ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ თბილისსა და სრულად ქვეყანაში მოხდეს გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომ არ იყოს უთავბოლო რიგები. ვფიქრობ, ინფრასტრუქტურა მზადაა იმისთვის, რომ მოემსახურონ გაზრდილ მოთხოვნებს“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
ცნობისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში, 2018 წლის პირველ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა)2018 წლის 3 იანვრიდან, ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
ბ) 2018 წ. პირველი ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება.
გ) 2018 წ. პირველი ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება.
დ) 2019 წ. პირველი იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.
თამუნა შეყილაძე