ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემატიკაზე რომში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ დელეგაციამ ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძის ხელმძღვანელობითა და ფრაქციის წევრების, ზაზა პაპუაშვილისა და ირაკლი აბუსერიძის მონაწილეობით, იტალიის დედაქალაქ რომში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს რომის მერიის რესტავრაციის, არქიტექტურისა და ანტიკური ძეგლების გადარჩენისა და კონსერვაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან, ანა მარია ჩერონთან და არქიტექტორ სებასტიანო ლა მანასთან.
შეხვედრების ძირითადი თემატიკა მოიცავდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით იტალიაში არსებულ საკანონმდებლო პრაქტიკას, UNESCO-ს დაცვის ქვეშ არსებული ძეგლების კონსერვაციისა და სწორი მართვისთვის იტალიაში არსებულ საშუალებებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს კულტურული ეკონომიკის მნიშვნელობასა და ტურიზმის განვითარების პერპექტივებზე, განიხილეს ძეგლების დაზიანებისა თუ არასწორი რეაბილიტაციის შედეგად არსებული საფრთხეები და პრევენციის მექანიზმები.
როგორც შეხვედრისას ფრაქციის თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, რომი წარმოადგენს არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლით ცნობილ ქალაქს და უძველესი კულტურის ცენტრს, არამედ, ამ კულტურული ძეგლების შენარჩუნებისა და მოვლა-პატრონობის საუკეთესო მაგალითს. იტალიის მერიის წარმომადგენლების განმარტებით, რომის იერ-სახის შენარჩუნებასა და არქიტექტურულ-ურბანულ განვითარებაში კულტურული მემკვიდრეობის ჰარმონიულ ინტეგრაციას სწორედ მკაცრი საკანონმდებლო ნორმები უზრუნველყოფს, რაც დაცვის ხარისხით UNESCO-ს სტანდარტებსაც კი აჭარბებს.
მხარეები შეეხნენ თბილისის ისტორიული ნაწილის კულტურულ მნიშვნელობასა და მისი შენარჩუნების აუცილებლობას. იტალიურმა მხარემ დელეგაციის წევრებს გაუზიარა გამოცდილება იმ პროექტების თაობაზე, რომლებიც რომში ამჟამად მიმდინარეობს ანტიკური ძეგლების აღდგენისა და რეაბილიტაციის მიმართულებით. ქართული მხარე ადგილზე გაეცნო ავგუსტუსის მავზოლეუმის აღდგენით სამუშაოებს, რომელიც ანტიკური იერ-სახის შენარჩუნების მიზნით, სპეციალური ტექნოლოგიებით ხორციელდება.
ბიძინა გეგიძემ შეხვედრის ფარგლებში აღნიშნა, რომ ფრაქციის წევრები, ძირითადად, ქ. თბილისის მაჟორიტარებს წარმოადგენენ და მათთვის, როგორც დედაქალაქის ინტერესების დამცველებისთვის, უმნიშვნელოვანესია აქტიური მუშაობა ქალაქ თბილისის სწორი ურბანული განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების, მწვანე სივრცეების შენარჩუნებისა და ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიმართულებით.
ფრაქციის წევრებმა ასევე ისაუბრეს ქალაქ რომის, როგორც კულტურული ცენტრისა და შესანიშნავი ურბანული დაგეგმარების მაგალითის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ მდიდარი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ქვეყნებსა და ქალაქებს შორის აუცილებელია მჭიდრო ურთიერთობების დამყარება და ექსპერტული ხედვის გაზიარება.
მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ დელეგაციამ იტალიის მერიის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები