ნაზი ჯანეზაშვილი: შოკირებული ვარ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების დასახელება პროცედურების დარღვევით განხორციელდა.
ჯანეზაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შოკირებულია.
მისივე თქმით, მისთვის უცნობი იყო, რომ საბჭო დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს უზენაეს სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ” საკითხის განხილვას აპირებდა.
“წუხელ ღამით აიტვირთა დღის წესრიგი. რაც შეეხება კანდიდატებს, მათი სია ბოლო მომენტში მოვიპოვე, როცა მიქაუტაძემ დააყენა კენჭისყრაზე საკითხი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც ჩანს, მოგვევლინება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, გიორგი მიქაუტაძემ თავისი კანდიდატურა დააყენა და როგორც ჩანს, პრეტენზია აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს. სია კრიტიკას ვერ უძლებს. შესაძლოა, სიაში რამდენიმე ღირსეული ადამიანი ნახოთ, მაგრამ მიხეილ ჩინჩალაძე დადებით კანდიდატად ვერავის გადაწონის, რადგან ის არის ადმიანი, რომელმაც სასამართლო სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა თავისი გავლენებითა და მმართველობის სისტემით”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს, 24 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე ბავშვთან ერთად მივიდა.
“დღეს იუსტიციის საბჭოში ბავშვთან ერთად მოვედი, ჩემი შვილი არის ორი თვის და როცა ის გაიზრდება, სამწუხაროდ, სასამართლო სისტემა ისევ ჩინჩალაძის კლანის ხელში იქნება. ჩვენ ვიცით, რომ გვრიტიშვილები, ნადარაიები არიან დანიშნული 65 წლის ასაკამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩემი შვილი გაიზრდება და გახდება 25 წლის, ისევ ამ კლანის ხელში იქნება სასამართლო სისტემა”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა ათი კანდიდატურა დაასახელა – ნინო ქადაგიძე, მარიამ ცისკაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი ტყავაძე.
შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები