არახვეთის ნამოსახლარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
დუშეთის მუნიციპალიტეტში, გვიანი შუა საუკუნეების არახვეთის ნამოსახლარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 22 ოქტომბრის ბრძანებით მიიღო.
სოფელ არახვეთის ძველ ნამოსახლარზე შემორჩენილია ერთ სტილში ნაგები ძლიერად დაზიანებული შენობები, რომელთაგან ზოგი ციხე-სახლს წარმოადგენს, ზოგიც – კოშკს. არსებულთაგან ყველაზე უკეთ დაცულია: ნადირაანთ საცხოვრებელი კომპლექსი, ოთხი ციხე-სახლი და ერთი კოშკი, სხვა შენობების კედლებიდან მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი და მათი გეგმა მიწის დონეზე იკითხება.
ნადირაანთ საცხოვრებელი შედგება ციხე-სახლისა და კოშკისაგან. ნაგებია კლდის ქვით. ციხე- სახლის სახურავი და ხის კოჭებით მოწყობილი სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. ნადირაანთ საცხოვრებელი კომპლექსის გარშემო არსებულ ნაგებობათაგან ყველაზე უკეთაა დაცული მის დასავლეთით არსებული ციხე-სახლი, რომლის კედლებიც ორი სართულის დონეზეა შემორჩენილი. პირველ სართულზე გაჭრილია ორი კარი, ერთი ჩრდილოეთით, რომელიც ორივე მხრიდან არქიტრავული გადახურვითაა დასრულებული და მეორე დასავლეთით (მოგვიანო პერიოდში ამოქოლილია). ასევე დასავლეთიდანაა გაკეთებული მეორე სართულზე შესასვლელი კარი. დასავლეთ ფასადზე ვხვდებით წრიული შტამპებს, ოთხკუთხა ფორმის შტამპებით შექმნილ ჯვრებსა და ხელის ანაბეჭდებს.