“სამოსელი ძველ საქართველოში – მასალები მუზეუმის არქივიდან” გამოფენა მოეწყობა
საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა – “სამოსელი ძველ საქართველოში – მასალები მუზეუმის არქივიდან“- იხსნება.
გამოფენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის სტუდენტებისა და მუზეუმის თანამშრომლობით ეწყობა. გამოფენა 2018 წლის 22 დეკემბერს, 15 საათზე გაიხსნება და 2019 წლის 20 იანვრამდე გაგრძელდება.
აღნიშნული გამოფენა VI სტუდენტური კონფერენციის „ხელოვნების მეცნიერება საქართველოში – მომავლის ხედვა“-ის ფარგლებში ტარდება.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება ქართული კედლის მხატვრობის ნიმუშები, რომლებიც ასახავს ისტორიულ პირთა სამოსსა და მის ცალკეულ ელემენტებს: ტექსტილს, აქსესუარებს, ორნამენტულ მოტივებს და სხვ.
გამოფენის მიზანია, წარმოჩნდეს ტრადიცია, რომელიც გასული საუკუნის 30-40-იან წლებში დაინერგა. წარმოდგენილი ექსპონატები როგორც ფართო საზოგადოებისათვის, ასევე, გამოყენებითი ხელოვნების ყველა დარგის წარმომადგენლისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც მიეცემათ საშუალება გაეცნონ მასალას და შემდგომ განავრცონ საკუთარი ნაწარმი დიზაინში.
გამოფენას თან ახლავს საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის თეორიული ნაწილში მოსწავლეებს გამოფენის მასალის შესახებ მიმოხილვითი ლექცია ჩაუტარდებათ, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში დაფერავენ წინასწარ მომზადებულ გრაფიკულ ესკიზებს და ააწყობენ „ფაზლს“.