კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ოფიციალური დახურვის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ოფიციალური დახურვის ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო გეგმებს, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მიმართულებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მემკვიდრეობის სფეროს ინსტიტუციების წარმომადგენლები.
2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად ევროკომისიის ინიციატივითა და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით გამოცხადდა. საქართველო ოფიციალურად ჩაერთო კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ევროპის 10 ინიციატივის მიხედვით, მთელი წლის მანძილზე ახორციელებდა მიზანმიმართულ შემეცნებით კამპანიას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის.
კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში სამინისტროს კოორდინაციით და სსიპ ინსტიტუციების ჩართულობით განხორციელდა შემდეგი პროექტები:
აქცია-პერფორმანსი „ღამე მუზეუმში“, სადაც მონაწილეობდა საქართველოს 101 მუზეუმი. აქციის მონაწილეთა რაოდენობამ 90 000 ადამიანს გადააჭარბა;
ევროპის მემკვიდრეობის დღეები, რომელიც საქართველოს 9 რეგიონში დიდი აქტივობით ჩატარდა.
მოეწყო:
150 გამოფენა საქართველოში;
6 გამოფენა საზღვარგარეთ.
მუზეუმებში ვიზიტორთა რაოდენობამ 1 200 000-ს გადააჭარბა.
კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში გაიხსნა ახალი ინსტიტუცია – ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი, ასევე, დასრულდა თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია.

მოეწყო:
12 საერთაშორისო კონფერენცია;
ვორკშოპები;
ლექციები;
საგანმანათლებლო პროგრამები.
წლის ერთ-ერთი მთავარ პროექტს წარმოადგენდა „სტუდენტები კულტურული მემკვიდრეობისათვის“, რომელიც განათლებისა და კულტურის სფეროს თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. პროექტის ფარგლებში, მემკვიდრეობის სხვადასხვა თემაზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მედიაფაკულტეტის სტუდენტებმა მოამზადეს ვიდეო არტები, ანიმაციური ინფოგრაფიკები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ათეულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს: მუცოს არქიტექტურული კომპლექსი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, ნიკორწმინდა, უჯარმის ციხე, გორის ციხე, შატილის კოშკები, სვანური კოშკები, მაჩუბები და სხვა.
წელი აღინიშნა დიდი წარმატებით საერთაშორისო არენაზე.„ ევროპა ნოსტრას“ გამარჯვებული გახდა ხელოვნების სასახლის პროექტი „ქსოვილი საქართველოდან”, გარეჯის სამონასტრო კომპლექსი კი, „ევროპა ნოსტრამ“ ევროპული კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 7 ძეგლს შორის დაასახელა.
2018 წელს, იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები