კირკიტაძის ადვოკატი: ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, მისი თქმით, პოლიციელზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია
დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც მან აღნიშნა, კირკიტაძის განმარტებით, მისი მხრიდან არავითარ ფიზიკურ შეურაცხყოფას ან პოლიციელზე თავდასხმას, ან თუნდაც ქონების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.
„დავით კირკიტაძე თავს არ ცნობს დამნაშავედ. კონკრეტულად თუ ჩვენ ვივარაუდებთ ბრალდების შინაარსს, აქ საუბარია პოლიციელზე თავდასხმაზე, რაც დაკავშირებულია პოლიციელის კანონიერ საქმიანობასთან. დავით კირკიტაძის განმარტებით, მისი მხრიდან არავითარ ფიზიკურ შეურაცხყოფას ან პოლიციელზე თავდასხმას, ასევე საუბარია ქონების დაზიანებაზე, ადგილი არ ჰქონია. ჩვენ დაველოდებით მტკიცებულებებს, რის საფუძველზე აკეთებენ მსგავს განცხადებებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პოლიციელზე თავდასხმა, რომელიც დაკავშირებულია მის კანონიერ საქმიანობასთან, ვერ ჯდება 353-ე მუხლის სამართლებრივ შინაარსში. თუკი ადამიანებს უკანონოდ ეზღუდებათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, გადაადგილების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ამ დროს ადამიანი ცდილობს მისი უფლების აღდგენას, აქ კონკრეტულად ამ მუხლის შინაარსი არის შეუთავსებელი”, – განაცხადა კონდახიშვილმა.
შეგახსენებთ, შსს-ის ინფორმაციით, დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით გუშინ დააკავეს.
ცნობისათვის, დავით კირკიტაძეს შესაძლოა ბრალდება დღეს, საღამოს საათებში წარუდგინონ.