“ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ტექდათვალიერების პროცესში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს

„საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის“ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გამონაბოლქვის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების გამო მხოლოდ 5 ავტომობილია დაჯარიმებული. ალიანსში ამბობენ, რომ ტექდათვალიერების პროცესში ხარვეზებია და ეს ხარვეზები, უმეტესად, თავად რეფორმის მართვასა და მონიტორინგს ეხება.
ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ თუ ეს ხარვეზები დროულად არ აღმოიფხვრება, ტექდათვალიერებას შედეგი არ ექნება.
„მნიშვნელოვანია პერსონალი, რომელიც ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებას უზრუნველყოფს. მისი კომპეტენცია და მისი კეთილსინდისიერება. კვლევამ გამოაჩინა, რომ იყო ქრთამის ფაქტებიც. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებულები. უნდა მიმდინარეობდეს ლაივ-რეჟიმში კამერებით გადაღება, მონიტორინგი. უნდა იყოს, ასევე, მისტიური მომხმარებლის ხელით კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან. ეს ყველაფერი განაპირობებს, საბოლოო ჯამში, რეფორმის წარმატებას”,- აცხადებს ლალიაშვილი.
ეკა ლალიაშვილის აზრით, რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ქუჩაში ადმინისტრირება.
„ქუჩაში, პრაქტიკულად, ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი არ ხდება. ჩვენ გვაქვს სტატისტიკა – რამდენიმე ათასი ავტომობილი დაჯარიმებულია იმის გამო, რომ ტექინსპექტირება არ გაუვლია. თუმცა, ჯარიმები გამონაბოლქვზე არის ძალიან მცირე მარტივი მიზეზის გამო: აღჭურვილობა არ გვაქვს“, – ამბობს ალიანსის გამგეობის თავმჯდომარე.
მისივე მტკიცებით, გამონაბოლქვის ერთ-ერთი მიზეზი მოძველებული ავტოპარკია. ლალიაშვილი ამბობს, რომ მილიონ ორასი ათასი ავტომობილიდან 45% არის 20 წელს გადაცილებული. მთლიანი ავტოპარკის 91% კი არის 10 წელს გადაცილებული. მისი თქმით, ეს ავტომობილები ყოველწლიურად ძველდება და 20 წლის ავტომობილს სტანდარტი დაბალი აქვს. შესაბამისად, ალიანსში ამბობენ, რომ აუცილებელია ავტოპარკი განახლდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები