ივანე წიკლაურის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ხევსურეთის სოფელ როშკაში დაბადებული ცნობილი სახალხო მთქმელის, ივანე წიკლაურის (მამუკათ ივანეს) დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
გამომსვლელებმა ისაუბრეს ივანე წიკლაურის პოეზიასა და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრებაზე, გაიხსენეს მასთან ურთიერთობის ეპიზოდები. დაანონსდა ინფორმაცია – მიმდინარეობს მასალების მოძიება-შერჩევა საჭირო და აუცილებლად გამოსაცემი “რჩეულისთვის”.
გთავაზობთ ბადა გოგოჭურის ლექსს, მიძღვნილს ივანე წიკლაურისადმი.
ივანე წიკლაურის ხსოვნას
შენ, როგორც ხევსურ მელექსეს,
მაშუღლარს, მენადირესა.
გენატრებოდის როშკაი,
კახეთში რად გაგწირესა.
ეგრ რაად გაგინაპირეს,
გულ რაად გაგაცინესა.
არხილოს მიწა ვერ არჩენს
შენებს ჭრილობებს მძიმესა.
საღამო ფოლკლორის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თაოსნობით გაიმართა.