კინოთეატრი „ამირანი“ თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალს 3-9 დეკემბერს კინოთეატრი „ამირანი“ მასპინძლობს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის განმავლობაში მაყურებელს საშუალება ექნება, სექციებში: „ქართული პანორამა“, „საერთაშორისო კონკურსი“, „ჰორიზონტები“, „დამზადებულია გერმანიაში“ და სხვა, ნახოს ახალი, გამორჩეული ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
წელს, ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ფესტივალის ერთ-ერთი პროგრამა ამ ქვეყნების კინემატოგრაფს დაეთმობა. პროგრამაში „ბალტიისპირეთი-100″ ნაჩვენები იქნება უახლესი ლიტვური, ლატვიური და ესტონური ფილმები. პროგრამის განხორციელებაში ფესტივალს სამივე ქვეყნის საელჩოები და კინოცენტრები ეხმარებიან.
წლევანდელი ფესტივალის ფოკუსქვეყანაა იტალია. იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, მე-19 კინოფესტივალზე, მაყურებელი ბოლო პერიოდის იტალიური კინოს აღიარებულ ნამუშევრებს იხილავს.
მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის თემაა “ლიტერატურა და კინო“, რომელშიც საინტერესო ეკრანიზაციებს და მწერლებზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმებს შემოგთავაზებთ.
ამას გარდა, შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინო ინსტიტუტთან თანამშრომლობით, გაიმართება პროგრამა „ბერგმანი-100“, სადაც მაყურებელს შვედი რეჟისორის ფილმების ნახვის საშუალება მიეცემა. მათ შორისაა ფილმები: „მარწყვის მდელო“, „პერსონა“, „შემოდგომის სონატა“ და სხვა.
ფესტივალს ეწვევიან სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული კინემატოგრაფისტები. ინდუსტრიული დღეების ფარგლებში გაიმართება საინტერესო შეხვედრები, ვორკშოფები და მასტერკლასები.