დიდი პრემიერა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე – ჟიულ მასნეს „ვერთერის“ პრემიერა გაიმართება

22 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჟიულ მასნეს ოპერა „ვერთერის“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, 76 წლის შემდეგ თბილისის სცენაზე კვლავ აჟღერდება გოეთეს რომანის „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ მიხედვით შექმნილი ფრანგული ოპერა.
„ვერთერის“ დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი – ჯოზეფ ფრანკონი ლი, სცენოგრაფი -ემანუელე ფავრე, კოსტიუმების მხატვარი – ესტერ მარტინი, მხატვრული განათება – სტეფანო გორერი.
ფრანგი კომპოზიტორის ჟიულ მასნეს ლირიკული დრამის „ვერთერის“ პრემიერა ვენის Hofoper-ში 1892 წლის 16 თებერვალს შედგა. პრემიერის დღეს იგი გერმანულ ენაზე შეასრულეს. ამის შემდეგ ოპერა დაუბრუნდა ორიგინალურ ფრანგულ ვერსიას.
„ვერთერის“ პრემიერა ფრანგულ ენაზე 1892 წლის 27 დეკემბერს ჟენევაში, ხოლო 1893 წლის 16 იანვარს პარიზის Opéra-Comique-ში შედგა. მასნეს „ვერთერი“ მსოფლიოს მრავალი წამყვანი საოპერო თეატრის რეპერტუარშია.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ვერთერის“ პრემიერა 1904 წლის 16 ოქტომბერს შედგა და გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით თეატრის რეპერტუარში იყო. 1942 წელს „ვერთერი“ თბილისის ოპერის სცენაზე ალექსანდრე წუწუნავამ დადგა, მთავარ პარტიებს დავით ანდღულაძე, ვერა დავიდოვა და დავით ბადრიძე ასრულებდნენ. 76 წლის შემდეგ მასნეს „ვერთერი“ კვლავ უბრუნდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს. საპრემირო ჩვენებები 22, 23, 26, 29, 30 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები