ადვოკატი: სპეცოპერაციისას დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ-პროტესტის ნიშნად ბრალის წარდგენის ფურცელს “სლავა უკრაინა” დააწერეს

სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის დატოვების შემდეგ დაკავებულ პირთა ადვოკატებმა განუცხადეს.
ადვოკატ გიორგი როსტომაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად, ბრალის წარდგენის ოფიციალურ ფურცელს “სლავა უკრაინა” დააწერეს და დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. მისივე თქმით, ბრალდებულებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება სჭირდებოდეს მათი დაკავება.
ადვოკატები ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ უკრაინის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ, დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე კი მათ უცნობი პირები უთვალთვალებდნენ. გიორგი როსტომაშვილის განცხადებით, აღნიშნულ პირებს უცნობი ადამიანები უთვალთვალებდნენ, რომლებიც სავარაუდოდ სამართალდამცავ უწყებას წარმოადგენდნენ.
ქალაქის სამმართველოსთან იმყოფებოდა ურაინის რადას დეპუტატი სიმიონ სემენჩენკო, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ პირების დაკავება პოლიტიკური პროვოკაციაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში აწყობს.
პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ დაკავებულო საქართველოს მოქალაქის ლუკა ჩხეტიას ოჯახის წევრებიც, რომლებიც დაკავების მიზეზზე ვერ საუბრობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.
მათივე ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები