ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნება. დღეს კურსის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) უმასპინძლეს, რომლებსაც სკოლის დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი, კაი კარელსონი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, პირიტ პიკერი მიესალმნენ. მათ კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მსმენელებს წარმატებები უსურვეს. თეა ნიკოლაშვილმა ესტონურ მხარეს, ესტონეთის ელჩს, თავდაცვის ატაშეს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.

სემინარს საქართველოს თავდაცვის უწყების, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. კურსის განმავლობაში მონაწილეები უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და საქართველოში მის გავლენაზე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებსა და საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და მიღწევებზე, ეროვნული უსაფრთხეობის სამხედრო კომპონენტზე, თანამედროვე კიბერსაფრთხეებზე, ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზე იმსჯელებენ. სემინარის პარალელურად მონაწილეებს სიმულაციურ კრიზისის სცენარზე მუშაობის შესაძლებლობაც ექნებათ.

კურსზე თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ლექციას თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების თემაზე წაიკითხავს. გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ეროვნული უსაფრთხოების სამხედრო კომპონენტზე ისაუბრებს.

სხვა მომხსენებლები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მომუშავე მაღალი თანამდებობების პირები, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იქნებიან.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მერვედ იმართება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები