„ოქროდ ქცეული სიბრძნე” – საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის აღსანიშნავი გამოფენა გაიხსნება

6 დეკემბრიდან,  ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე” გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა, საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის აღსანიშნავად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით იმართება.
გამოფენაზე დამთვალიერებელს პირველად შეუძლია იხილოს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი შედევრის – თრიალეთში აღმოჩენილი ძვ. წ. II ათასწლეულის ოქროს პოლიქრომიული თასის ექსპერიმენტული კვლევის შედეგები: უძველესი ტექნოლოგიების აღდგენის საფუძველზე დამზადებული როგორც საოქრომჭედლო იარაღები, ასევე თავად თასის ზუსტი ასლი და ფილმი, რომელშიც დეტალურადაა აღბეჭდილი თასის რეკონსტრუქციის პროცესი (პროექტის ავტორი ერმილე მაღრაძე).
უძველეს არქეოლოგიურ არტეფაქტებთან ერთად ექსპოზიციაზე პირველად წარმოდგენილი გვიანანტიკური ხანის (ახ. წ. II-IV საუკუნეების) ოქროს სამკაული, ეთნოგრაფიულ კოლექციაში დაცული საოქრომჭედლო იარაღები და ძვირფასი ლითონების ნაკეთობები ასახავს ოქროსა და ზოგადად ლითონის შესახებ იმ ცოდნის მრავალსაუკუნოვან გზას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე თაობიდან თაობას გადაეცემა და რითაც ქართულმა კულტურამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ევროპულ ცივილიზაციაში.
გამოფენა „ოქროდ ქცეული სიბრძნე” დამთვალიერებელს სთავაზობს შესაძლებლობას, ვიზუალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით გაეცნოს თრიალეთის ოქროს თასის დეტალებს. თავად თასის ორიგინალის ნახვა შესაძლებელია „არქეოლოგიური საგანძურის” მუდმივმოქმედ გამოფენაზე.
გამოფენას თან ახლავს სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებელისთვის განკუთვნილი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები.
წარსულის შენარჩუნება, სინამდვილესთან ზიარება და მომავლის ხედვა – ეს არის გამოწვევები, რომელთა წინაშე დგას მუზეუმი, როგორც საგანძური და ცოდნის კერა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან ერთად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა ტექნოლოგიური ინოვაციების ისტორიის შესწავლა, რომელთა შესაძლებლობას მუზეუმის კოლექციებში დაცული არაერთი უნიკალური არტეფაქტის ექსპერიმენტული კვლევა იძლევა.

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი/ფერნანდო ხავიერ ურკიხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები