ფილმ „ბედნიერი ლაზარეს” ჩვენება და მსახიობ ლუკა ჩიქოვანთან შეხვედრა გაიმართება

4 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანის” პირველ დარბაზში ალიჩე რორვახერის ფილმ “ბედნიერი ლაზარეს” ჩვენება და  მსახიობ ლუკა ჩიქოვანთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმის ჩვენება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
ფილმის რეჟისორი ალიჩე რორვახერია. მან პირველი დოკუმენტური ფილმი „პატარა სპექტაკლი“ 2003 წელს გადაიღო. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „ციური სხეულის“ პრემიერა შედგა კანში, 2011 წელს. რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა „საოცრებები“ 2014 წელს, კანის კინოფესტივალზე ჟიურის გრან-პრი მოიპოვა.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა გლეხის, ლაზარეს (რომელიც იმდენად კეთილია, რომ ხშირად სულელი ჰგონიათ) და ახალგაზრდა დიდებულის, ტანკრედის (რომელიც, მისდა საუბედუროდ, წარმოსახვის უნარითაა დაჯილდოებული) შეხვედრაზე. მათ განცალკევებულ პასტორალურ სოფელ ინვიოლატაში ყველაფერს სიგარეტების სასტიკი დედოფალი, მარკიზა ალფონსინა დე ლუნა განაგებს. ტანკრედსა და ლაზარეს შორის მეგობრობა მაშინ ღვივდება, როდესაც ტანკრედი ლაზარეს საკუთარ გატაცებაში დახმარებას თხოვს. ეს უჩვეულო და დაუჯერებელი ალიანსი ლაზარესთვის გამოცხადებასავითაა. მათი მეგობრობა იმდენად ძვირფასია, რომ ის ლაზარეს ტანკრედის საძებნელად დროშიც ამოგზაურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები