„ფრაგმენტები ლიეტუველი ებრაელების ცხოვრებიდან“ – ფოტოგამოფენა გაიხსნა

დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩის, ბატონ – გიედრიუს პუეჯუნასის ორგანიზებით, გაიხსნა ვილნიუსის ვილნა გაონის ებრაელთა სახელმწიფო მუზეუმის (დირექტორი – იაშა მარკას ზინგერისი) ფოტოგამოფენა – „ფრაგმენტები ლიეტუველი ებრაელების ცხოვრებიდან“ .
საღამოს ესწრებოდნენ:  ისრაელის ელჩი საქართველოში – შაფთაი ცური, გერმანიის ელჩი საქართველოში –  ჰუბერტ კნირში, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი – ქალბატონი ელიზაბეტ რუდი, საბერძნეთის ელჩი – ბატონი დიმიტრიოს კარაბალისი, ევროკავშირის ელჩი – ბატონი კარლ ჰარცელი, იაპონიის ელჩი – ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, ბრაზილიის ელჩი –  სიცერო მარტინს გარსია; საქართველოს პარლამენტის წევრი – ზაზა ხუციშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – ლია გიგაური, საქართველოს ებრაული თემის, საქართველოს კულტურის, მეცნირებისა და საზოგადოებრიობის ცნობილი წარმომადგენლები.
მუზეუმის დირექტორმა – პროფ. გივი ღამბაშიძემ დამსწრეთ გააცნო ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი ურთიერთობების ისტორია და აღნიშნა წარმოდგენილი გამოფენის დიდმნიშვნელოვნება. ვილნიუსის ვილნა გაონის ებრაელთა სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა – ბატონმა იაშა მარკას ზინგერისმა ვრცლად ისაუბრა ექსპოზიციის შესახებ. გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს ლიეტუვის ებრაელობის ცხოვრების ამსახველ გამოფენას.
თბილისისა და ვილნიუსის მუზეუმების დირექტორებმა  მომავალი თანამშრომლობის  სურვილი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები