დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც “კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იქნა მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) ფარგლებში დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხები.
“პროგრამის ფარგლებში საქართველოში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომლის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება. პროექტს განახორციელებს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედი“, რომელმაც აიღო ვალდებულება, მუშახელად საქართველოს მოქალაქეები დაასაქმოს. მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ასევე, განხორციელდება თბილისში მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, ბათუმის სანაპირო ზოლის დაცვის სამუშაოები და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. შეხვედრაზე ასევე, განიხილეს მომდევნო ტრანშის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული მიმართულებები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.