ირაკლი კობახიძემ ვაკის №2 ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

„დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი. არის ორი პოლიტიკური ძალა: იქით მხარეს არის პოლიტიკურა ძალა, რომლის თვისებებია აგრესია, სიძულვილი, სიცრუე და მეორე მხარე არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი ჩააბარა წარსულს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას დღეს არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე ვაკის  № 2 ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მე მინდა, მოვუწოდო ყველას აქტიურობისკენ. მოგეხსენებათ, პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ ამ ნეგატიურმა ძალამ მიიღო საკმაოდ მაღალი შედეგი არჩევნებში. თუ იქნება მაღალი აქტიურობა, ამ შემთხვევაში, პასუხიც იქნება მაქსიმალურად სწორი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების” კოორდინატორებს მობილიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და კონკრეტულ მედიასაშუალებებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისკენ მოუწოდა.
„ჩვენს კოორდინატორებს მინდა მადლობა გადავუხადო მობილიზაციისთვის, ეს არის მათი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება, აიღოს ოფიციალური სიები, მათ შორის, ფოტოსურათები საარჩევნო კომისიიდან, პირად ნომრებს მე არ ვამბობ. არის სიები, რომლებიც აქვს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და ყველას ძალიან გთხოვთ, “რუსთავი 2″-ს მინდა განსაკუთრებით ვთხოვო, ნუ ქმნიან ხელოვნურად აგრესიულ ფონს, არ არის აგრესიული ფონი ამ არჩევნებში. ნუ შეეცდებით ხელოვნურად შექმნათ ასეთი ფონი. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს ამომრჩეველს იმის საშუალება, რომ მათ ხმა მისცენ მშვიდ გარემოში. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა. არის უამრავი სპეკულაცია, რითიც ხელოვნურად იქმნება აგრესიული ფონი. ყველას მოგიწოდებთ, რომ გამოავლინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მათ შორის, ეს არის კონკრეტული მედიასაშუალებების პასუხისმგებლობაც”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება დარღვევებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არის გარკვეული ინდივიდუალური შემთხვევები, თუმცა ეს საერთო ნეგატიურ ფონს ვერ ქმნის.
„მთლიანობაში, არჩევნები წარიმართება ჯანსაღ, თანასწორ და სამართლიან გარემოში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ასე გაგრძელდება მუშაობა დღის განმავლობაში”,- აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები