„1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ – ხელოვნების სასახლეში წიგნის წარდგენა გაიმართა
ხელოვნების სასახლეში წიგნის – „1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ წარდგენა გაიმართა.
300-გვერდიანი ორენოვნი ალბომი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში ხელოვნების სასახლის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა.
კატალოგი დღემდე გამოუქვეყნებელ, უნიკალურ საარქივო მასალებს აერთიანებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელოვნებასა და კულტურაზე ბევრ საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტებს აღწერს.
კრებულში, დამოუკიდებლობის წლებში არსებული ქართული პრესიდან (ძირითადად, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“) 72 გამორჩეული ამბავი შეირჩა, რომლებიც სრულფასოვნად ასახავენ ეპოქის სულისკვეთებას და ხელოვნების სასახლეში დაცულ ფოტოებთან, ესკიზებთან თუ ხელნაწერებთან ერთად ეროვნული კულტურის მარგალიტებზე – პირველ ქართულ ოპერასა („ქრისტინე“, „აბესალომ და ეთერი“, „თქმულება შოთა რუსთაველზე“) თუ მხატვრულ ფილმზე („ქრისტინე“) მოგვითხრობს.