ამირან შალიკაშვილს მახათას მთაზე, ცნობილ ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში, დაკრძალავენ
საქართველოში პანტომიმის თეატრის დამაარსებელს, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის პრემიების ლაურეატს, ამირან შალიკაშვილს, 29 ნოემბერს, 14:00 საათზე, პანტომიმის თეატრიდან გამოასვენებენ და მახათას მთაზე, ცნობილ ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში დაკრძალავენ.
როგორც „კვირას“ მწერალთა კავშირში განუცხადეს, გადაწყვეტილია, რომ მახათას მთაზე გაიხსნას პანთეონი და პირველი დასაფლავდება ცნობილი რეჟისორი და მსახიობი ამირან შალიკაშვილი. პანთეონის ისტორია ამირან შალიკაშვილით დაიწყება.
სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, 27 ნოემბერს პანტომიმის თეატრში მიმდინარეობდა და ხვალ, 28 ნოემბერს, 16:00 საათზე, განახლდება.
ამირან შალიკაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1960 წელს დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი, 1964 წელს – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამის მსახიობის სპეციალობით.
1961 წლიდან არის ქართული პროფესიონალური პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი. 1965–1969 წლებში იყო მუსკომედიის, ხოლო 1969–1973 წლებში — მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი.
1973–1975 წლებში იყო ფილარმონიის პანტომიმის დასის ხელმძღვანელი. 1975 წლიდან არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დამაარსებელი და მის შემდეგ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ასევე იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში პანტომიმის განხრის დამაარსებელი (1978).
1999 წლიდან იყო ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტის პანტომიმის სარეჟისორო და სამსახიობო სახელოსნოს ხელმძღვანელი. ავტორია წიგნებისა – „პანტომიმა დუმილის პოეზიაა“ (1999), „დუმილის შემდეგ“ (2004), „ხილვები ფიროსმანზე“ (2004), „ცრემლიანი შემოდგომა“ (I, 2005; II, 2006).