ანა ნაცვლიშვილი: თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში, იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა ვისზე საუბრობდა
“თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში! წერტილი! იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა ვისზე საუბრობდა, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვაჟის მიერ გაკეთებულ მიმართვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
საუბარია მიმართვაზე, რომლითაც თეიმურაზ გორჯესტანმა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ვაჟი ნოდარ ვაშაძე დებატებში გამოიწვია.
“თეიმურაზ გორჯესტანმა უნდა მოიხადოს ბოდიში! წერტილი! იმის მიუხედავად, იცოდა თუ არა ვისზე საუბრობდა. თუ იცოდა და ეს გააკეთა – ნუ ამას ბოდიშიც ვერ უშველის! როგორც ცნობილი გახდა, ნოდარ ვაშაძე შშმ პირია, ამაში არც დასამალი, მით უფრო – სასირცხვილო არაფერია. რა დარტყმა, რის შავი პიარი ამ თემაზე, ხალხო. საზოგადოება ვართ, ბოლოს და ბოლოს, თუ ჯოგი?! ნებსით თუ უნებლიეთ, ნუ ვამისამართებთ ამ ადამიანებს ჩაბნელებული, მოფარებული ოთახებისკენ, ნუ ვაქცევთ ამ საკითხებს ყურში ჩურჩულის და პუტუნის თემად. ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია”, – წერს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის შვილის მიერ დებატების თაობაზე გაკეთებულ შეთავაზებას, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” ერთ-ერთი წამყვანის აღშფოთება მოჰყვა, რომლის თქმითაც, გრიგოლ ვაშაძის შვილი ვერ მიიღებს ვერანაირ დებატებში მონაწილეობას და რომ წამყვანის მხრიდან ამ თემაზე საუბარი უხერხული იქნება.
საზოგადებრივი მოძრაობა „ივერიის” წევრის, მამუკა გამყრელიძის თქმით, კი ” გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილს არაფერი არ სჭირს, მაგრამ უზნეობაა პირად ცხოვრებაზე საუბარი”.