“იმ ფონზე როცა რაღაც კარგი ხდება, იმის ცუდად წარმოჩენა და მოქალაქეების არაფრის გამო დაზაფვრაც ძალიან “ტეხავს”
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთა გოლეთიანი ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაში საქართველოს შესაძლოა ასოცირების ხელშეკრულების და უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფასად დაუჯდეს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, არსებობს რაღაც საკითხები, რაც ყველა ნორმალურ პოლიტიკურ ძალას უნდა აერთიანებდეს.
მისივე თქმით, იმ ფონზე როცა რაღაც კარგი ხდება, იმის ცუდად წარმოჩენა და მოქალაქეების არაფრის გამო დაზაფვრაც ძალიან “ტეხავს”.
“რუსთავი 2”-ის სიუჟეტს ვუყურე ევროპარლამენტზე, რომელიც იწყება სიტყვებით:
“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაში, რომელიც საქართველოს შესაძლოა ასოცირების ხელშეკრულების და უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფასად დაუჯდეს”.
ცოტა გაოცებული ვარ. ეს არის ერთ-ერთი აბსურდული შეჯამება, რომლითაც შეიძლება გააშუქო ბრიუსელის ამბები. გამიზნულად ფაქტების დამახინჯება, არაპროფესიონალიზმი, შენივე ქვეყნის დისკრედიტაცია და მოსახლეობაში ცრუ განგაშის შექმნაა ეს.
პირველ რიგში, მგონია, რომ როგორი პოლიტიკური შეხედულებებისაც არ უნდა იყო და რა პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა უჭერდე მხარს, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ის საკითხი, რაც ყველა ნორმალურ პოლიტიკურ ძალას უნდა აერთიანებდეს და რის მიღწევებზე და გამოწვევებზეც ერთად უნდა მუშაობდნენ პოლიტიკური პარტიები. იმ მიღწევებზე, რომლებიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს ექსკლუზიური უფლებები. როცა რეალურად მართლა წინ იდგმება ნაბიჯები და ამას შენი ყველაზე დიდი პარტნიორები აღნიშნავენ, და მერე შენვე გამოდიხარ და ამის დისკრედიტაციას ახდენ ხელოვნურად, ძალიან ამაზრზენად ჩანს ჩემს თვალში.
გუშინ დავესწარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის გამოსვლას ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე და შემდგომ დებატებსაც. მის გამოსვლას მოჰყვა კრიტიკული შეკითხვები არჩევნებთან დაკავშირებით. მაგალითად, EPP-დან ლატვიელი სანდრა კალნიეტე, რომელიც აქტიური მხარდამჭერია საქართველოსი და მან ეს გუშინდელ გამოსვლაშიც დააფიქსირა (თუმცა ეს არავის უთქვამს ტელევიზიით), პირველი იყო, რომელმაც მოქალაქეებისთვის ვალების შესაძლო ჩამოწერაზე მწვავე შეკითხვა დასვა და აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად ჰგავს ამომრჩეველზე ზემოქმედების და მოსყიდვის მცდელობას ნებისმიერი გონივრული რეგულაციების მიხედვით. რაც შეეხება ყალბ ID ბარათებს, პარლამენტარებმა ითხოვეს ახსნა და დაზუსტება (asked for clarification), თითქმის ყველა კითხვა მაქვს ჩაწერილ-ჩანიშნული (!). და ასევე იკითხეს, რატომ არის არჩევნები სამუშაო დღეს.
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა იმ ევროპარლამენტარებზე, რომლების კრიტიკული კომენტარებიც გაშუქდა “რუსთავი 2”-ით. Jean-Luc SCHAFFHAUSER არის Europe of Nations and Freedom Group-დან, რომელიც ევროპარლამენტში ყველაზე პატარა და თან რადიკალურ ნაციონალისტურ ჯგუფს წარმოადგენს, ჯგუფს, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, არავის მოსწონს ევროპარლამენტში, ჯგუფს, რომელშიც ლე პენის და მატეო სალვინის პარტიები შედიან. ეს ჯგუფი, მინდა შეგახსენოთ, ისედაც ყოველთვის წინააღმდეგია ევროპული ინტეგრაციის, არამხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ ევროპის გაფართოების ზოგადად. და ამ ჯგუფისგან საქართველოს არც წინა ხელისუფლების და არც ახლანდელი ხელისუფლების დროს არ მიუღია და არც უნდა ელოდოს დიდ მხარდაჭერას ევროპარლამენტში. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი გამოვიდა და ღიად მოუწოდა საქართველოს, რატომ არ ხართ ნეიტრალურები, ამერიკელების ყოფნა უკრაინასა და საქართველოში ქმნის პრობლემებს და ნატოს მიზანი ევროპის დაყოფაა. ეს ბოდვა კომენტარი რატო არ გაშუქდა:) Jacek SARYUSZ-WOLSKI არის ე.წ. non-attached MEP, ანუ არცერთი პოლიტიკური ჯგუფის წევრი, როგორც წესი, ასეთი პარლამენტარები ვერ იკავებენ ვერცერთ მაღალ პოლიტიკურ პოსტს პარლამენტში და მათ სერიოზულ გავლენებზე საუბარი უხერხულია. პლუს, ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულების მიღებისას ჰქონდა საქართველოს ოპოზიცია ასეთი non-attached წევრებისგან. ასე რომ, ასეთი პარლამენტარები არაფერსაც არ წყვეტენ ევროპარლამენტში, მით უმეტეს, ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედება თუ შეჩერების საკითხებს:) საქართველოს მთავარ პარტნიორებს ევროპარლამენტში წარმოადგენენ EPP, S&D და, ასევე, ALDE, ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც კრიტიკასთან ერთად ყოველთვის ღიად აფიქსირებენ იმ რეფორმებს და მიღწევებს, რაც საბედნიეროდ გვაქვს.
ძალიან ცუდი ტყუილია, რომ გუშინ აღარავის დაუფიქსირებია საქართველოს მხარდაჭერა. გამომსვლელი პარლამენტარების უმეტესობამ ისევ ღიად დააფიქსირა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო არის უდავო front-runner. მაშინ, როცა საქართველოს და ევროკომისიას შორის თანამშრომლობა პრინციპულად ახალ ფორმას იძენს, რაც სექტორული თანამშრომლობაა, რაც არცერთ სხვა EaP ქვეყანასთან არ მომხდარა და ამაზე არ აკეთებ აქცენტს, ტეხავს.
ისე გამომდის, თითქოს ვინმეს ვიცავ, მაგრამ პრინციპში კი ვიცავ, და ვიცავ იმ პატარა პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია. მთავრობის კრიტიკა ბუნებრივია და არაფერი საგანგაშო ამაში არაა, რა ჰგონია ვინმეს, რომ ევროკავშირის შიდა ქვეყნებში რაც ხდება, არაფერი არ არის კრიტიკის ობიექტი ევროპარლამენტში? უბრალოდ, რაღაც ცოტა მეტია და რაღაც ნაკლები. ის, რომ საქართველოს ეთმობა ტრიბუნა, ის, რომ თანამშრომლობა ახალ ფორმებს იღებს, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ ნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწევები გვაქვს, რამდენიმე დღის წინ მიიღეს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში, რომელიც საკმაოდ პოზიტიურია და 500-ზე მეტმა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი და გუშინ ჩვენი მოქალაქეები ისმენენ, რომ თურმე 1-2 პარლამენტარის გამოსვლა ნიშნავს, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ან ვიზალიბერალიზაციას საფრთხე ემუქრება. ბოლო დროს მიღებულ ყველა ანგარიშში ნათქვამია, რომ მოქალაქეებს პირიქით, მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ ამ თანამშრომლობაზე და ყველა იმ სარგებელზე, რასაც ქვეყანა ნახულობს და ჩვენთან რას იგებენ მოქალაქეები? ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღოს ყველამ, რა იაფფასიანი პოლიტიკური ცირკია ეს…
აქ რომ არ ვიყო და ტელევიზიას ვუყურებდე, აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა შემექმნებოდა. ძალიან გული მწყდება, ისედაც არ ვართ high on agenda ევროკავშირისთვის და ეს არაა არცერთი ხელისუფლების ბრალი, ბევრად სერიოზული საკითხები და პრობლემები აქვს ახლა ევროკავშირს გადასაწყვეტი და ამ ფონზე, როცა რაღაც კარგი ხდება, იმის ცუდად წარმოჩენა და მოქალაქეების არაფრის გამო დაზაფვრაც ძაან “ტეხავს” კიდე, სულ ცოტა.
აა ხო, ისე სამი საათიც არ გაგრძელებულა სამწუხაროდ დებატები, სულ რაღაც საათი და 10-15 წთ. ან მაგ ტყუილს რა მიზანი აქვს. ანუ ის, რომ თურმე 3 საათი გვაკრიტიკებდნენ და მიწასთან გაგვასწორეს?
მოკლედ, ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა პრობლემებია საქართველოში და რამდენად მძიმე ვითარებაა ბევრი კუთხით. და ზუსტად, კი არადა, მით უმეტეს, ამ ფონზე, ევროკავშირთან ურთიერთობა ყველაზე იმედისმომცემია. შეიცვლება ეს მთავრობა და ახალ მთავრობას მერე ისევ ამ საქმის გაგრძელება მოუწევს, ისევ იქნება პრობლემები და მიღწევებიც და არც კარგი ნაცრის შეყრა არის სასარგებლო თვალებში და არც ცუდის. ის, რომ საქართველოს დღეს მხარდაჭერა აქვს და არაფრის შეჩერება არ გვემუქრება, არის ორჯერ ორი ოთხი და არ უნდოდა ამას ახლა ამხელა სტატუსი და ნერვების დათხლეშვა ჩემი მხრიდან”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.