თეა წულუკიანი: ტერიტორიული სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების ეს ეტაპი 10 დეკემბერს დასრულდება და 10 დეკემბრიდან 10 იანვრამდე მომდევნო ეტაპი დაიწყება
ტერიტორიული სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების ეს ეტაპი 10 დეკემბერს დასრულდება და 10 დეკემბრიდან 10 იანვრამდე მომდევნო ეტაპი დაიწყება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
„იუსტიციის სამინისტრომ, 50-ზე მეტი საზოგადოებრივი ცენტრი და არაერთი იუსტიციის სახლი ააშენა და გახსენა ბოლო 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, ყველა ის თანამშრომელი, რომელიც მრავალი წელია, ტერიტორიულ სამსახურებში მუშაობს, საჯარო რეესტრსა თუ სამოქალაქო რეესტრში, შევინარჩუნოთ და მათ მუშაობა განაგრძონ საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში. ამიტომ იმ ადგილებში, სადაც უკვე 2019 წელს გაიხსნება საზოგადოებრივი ცენტრები და იუსტიციის სახლები, ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებს ვატრენინგებთ წინასწარ უკვე მოქმედ საზოგადოებრივი ცენტრებსა ან იუსტიციის სახლებში.
ამჟამადაც რამდენიმე ტერიტორიული სამსახურის ორი სხვადასხვა სსიპის (საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტო) თანამშრომლები იმყოფებიან საზოგადოებრივ ცენტრებში გადამზადებაზე 10 დეკემბრამდე. 10 დეკემბრიდან 10 იანვრამდე ახალი ტალღა გაემგზავრება ტრენინგზე და ეს გაგრძელდება იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება იმისთვის, რომ გადამზადდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ უკვე არსებულმა, მრავალი წლის გამოცდილების მქონე კადრებმა, რომლებიც შეიძლება ჩემი წინამორბედების, სხვადასხვა მინისტრების დროს მოვიდნენ სისტემაში”.