ეკა ბესელია: “ნაცმოძრაობის” დროს ჯაშუშობის იარლიყის მიკერება და ადამიანების გამეტება მარტივად ხდებოდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” დროს ჯაშუშობის იარლიყის მიკერება და ადამიანების გამეტება მარტივად ხდებოდა.
დეპუტატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და გიორგი აბდალაძის ეპიზოდი გაიხსენა.
„ფოტოგრაფების საქმეზე ველოდებოდი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება დადგებოდა. გადაწყვეტილებას 2011 წლის იმ დღიდან ველოდები, როცა გიორგი აბდალაძის დასაცავად, საქმეში ჩავერთე და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯაშუშ გიორგი აბდალაძესა და ფოტორეპორტიორებს კი არ ვიცავდი, არამედ ადამიანებს, რომელთაც ამ მძიმე დანაშაულს აბრალებდნენ. ის ემოცია არასოდეს დამავიწყდება, როცა ზემოქმედების ქვეშ მყოფი აბდალაძე გამოიყვანეს და ის ბრალი აღიარებინეს, რაც არ ჰქონდა ჩადენილი. როცა დაკითხვის აღიარების ოქმზე ხელი არ მოვაწერე, ბოლოში დავწერე, რომ ჩვენება ზეწოლის ქვეშ იყო მიცემული და მასზე ადგილი ძალადობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა. ერთ საათში, სასწრაფო წესით ქამადაძე მოიყვანეს, რომელიც ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. უკანონო საპროცესო შეთანხმება ერთ საათში სასამართლოში დაამტკიცეს. ზუსტად ვიცოდი, რომ წლები გავიდოდა და ეს ჩანაწერი გამოძიებისთვის საქმის გადასინჯვის საფუძველი გახდებოდა.
სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილის ჩანაწერებიც გავრცელდა, სადაც ჩემი შეხვედრის ამბებსაც კი ჰყვებოდნენ. ღიად დადასტურდა, რომ ეს იყო პირველი პირების მიერ გაცემული დავალება, რომ ფოტოგრაფები სანიმუშოდ დაესაჯათ და ამით ის მძიმე ფონი გადაეფარათ, რაც დაკავებას წინ უსწრებდა. ეს 26 მაისის შემდეგი მოვლენა იყო, მაგრამ ერთ-ერთი კანონპროექტი იხილებოდა, როცა პატრიარქმა პრეზიდენტს საჯაროდ მოუწოდა, რომ მასზე ვეტო დაედო. გახმაურებული საქმე სჭირდებოდათ, რომ ის სიმძიმე გადაფარულიყო, რაც იმ პერიოდში ხდებოდა. ჯაშუშების იარლიყის მიკერება და ადამიანების გამეტება ასე მარტივად ხდებოდა. ეს საქმე მართლმსაჯულების ისტორიაში ჩაიწერება, როგორი მოძალადე ხელისუფლება ჰყავდა საქართველოს”, – დასძინა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვითაც, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს.