„ვანის მუნიციპალიტეტში შემოვიდა მოქალაქის განცხადება იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი სახლი იყო ავარიული და საჭიროებდა გამაგრებას. ჩუხანაშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვდა“- აცხადებს „კვირასთან“ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის უფროსი.
თეიმურაზ სოხანეიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა აღნიშნული განცხადება განიხილა და დააკმაყოფილა.
„მოვიწვიეთ გეოლოგი და გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მომზადდა პროექტი, თუ როგორ გამაგრებულიყო საცხოვრებელი სახლი. მოგვიანებით, გამოცხადდა ტენდერი, რომელიც მოიგო შპს „მონოლითმა“. კომპანიამ მასალები ადგილზე მიიტანა და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ყველა სამშენებლო მოქმედება მათი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდა. როცა უბედური შემთხვევა მოხდა, ადგილზე კომპანიის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ“. – ამბობს „კვირასთან“ თეიმურაზ სოხანეიშვილი.
სოფელ ზედა ვანში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითნებური სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა და ნანგრევებში მამაკაცი მოიყოლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.