მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლე   ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 შეკრებას უმაპინძლებს

24  ნოემბერს,  მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 შეკრება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრების პროექტის ხელმაძღვანელმა ცისანა ხაზარაძემ აცნობა, შეკრებაში მონაწილეობენ   საჯარო, კერძო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების, სასახლეებისა და სხვა სკოლისგარეშე აღმზრდელობით – საგანმანათლებლო დაწესებულებათა VI-XII კლასის მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები საქართველოს ყველა რეგიონიდან,  სულ 230  მონაწილე.

ცისანა ხაზარაძე, ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრების პროექტის ხელმძღვანელი:
– სასახლის თეთრ დარბაზში გამოიფინება ფოლკლორის თემაზე შექმნილი სახვითი და  გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: ნახატი, ქანდაკება, ჭედურობა, ნაქარგი, თექისა და ქეჩის ნაწარმი. სარკეებიან დარბაზში გაიმართება  კონცერტი სხვადასხვა რეგიონის ანსამბლების მონაწილეობით.
შეკრების მონაწილეები წარმოადგენენ საინტერესო  ნაშრომებს  ფოლკლორის თემატიკაზე, მათ მიერ მოძიებულ  და ჩაწერილ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს: ზღაპრებს, თქმულებებს, ლეგენდებს, ანდაზებს, ასევე, ხალხურ მოტივებზე შექმნილ  მუსიკალურ ნომრებს;
ჩატარდება  სექციური სხდომები და 4 სექცია  იმუშავებს.
ეს შეკრება მარტო იმად ღირდა, რომ ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანის მოსწავლეებმა „ამირანიანის“ სრულიად ახალი ვარიანტი წარმოადგინეს.
ფოკლორისტთა შეკრების მნიშვნელობა დიდია, რადგან ბავშვები ეზიარებიან ქართულ ფესვებს, ადათ-წესებს. შეკრება მოტივაციაა მათთვის, რომ უკეთ შეისწავლონ თავიანთი სოფელი, გაესაუბრონ მოხუცებს. ისინი ხომ  ხანდაზმულ ადამიანთან ურთიერთობის ქცევის წესებსაც სწავლობენ, როგორ უნდა ჩაიწერონ და მოგვაწოდონ მასალა.
ეროვნული სასახლე გამორჩეულია მთელ საქართველოში, რადგან აქ  ჩვენი ზეპირსიტყვიერების უნიკალური არქივი გახლავთ. ჩვენი დირექტორის თინათინ რუხაძის თაოსნობით, ეს არქივი გაციფრდა, უკვე იპოვა თავისი ადგილი კომპიუტერში და მალე  ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. ესაა ძალიან დიდი ეროვნული საქმე, რასაც სასახლემ ჩაუყარა საფუძველი.
ფოლკლორისტთა შეკრება, ტრადიციულად, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. 1976 წელს შეკრება ფოლკლორის კაბინეტმა პირველად გამართა და  სულ 24 ნაშრომი იყო წარმოდგენილი. დღეს უკვე სასახლე 200-ზე მეტ ბავშვს მასპინძლობს  და 90 თემაა გამოგზავნილი.

ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 ტრადიციული შეკრების მიზანია ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია, უნიკალური ტექსტების გადარჩენა, ფოლკლორით დაინტერესებული  ახალგაზრდების ხელშეწყობა  ცოდნის გაღრმავებასა და თავიანთი საქმიანობის წარმოჩენაში.
შეკრების წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და საჩუქრებით. შეკრების მონაწილე ახალგაზრდების  ნაშრომებს შეაფასებენ,  მის  მუშაობას შეაჯამებენ  ცნობილი  მეცნიერები,  ფოლკლორისტები.
ფოლკლორისტთა მე-19 შეკრების მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან: ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის დეპარტამენტი, შ. რუსთაველის სახელობის  ქართული ლიტერატურის ინსტიტურის ფოლკლორის განყოფილება,  გამომცემლობა „ინტელექტი“, ფონდი „ხობი“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები