„ქართული მუსიკის პანორამა“ – ბიძინა კვერნაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება

24 ნოემბერს, 19:00 საათზე, კამერული ორკესტრი „თბილისის კონცერტინო“ კონსერვატორიის მცირე დარბაზში ბიძინა კვერნაძის 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს გამართავს.
როგორც „კვირას“ კონსერვატორიიდან აცნობეს, საიუბილეო კონცერტზე „ქართული მუსიკის პანორამა“ შესრულდება ბიძინა კვერნაძის სიმფონია სიმებიანი ორკესტრისათვის, შავლეგ შილაკაძის – სიმებიანი კვარტეტი (ეძღვნება ბიძინა კვერნაძის ხსოვნას – პირველი შესრულება) ზურაბ ნადარეიშვილი – ლიტანია.
ბიძინა კვერნაძის სიმფონია სიმებიანი ორკესტრისათვის პირველად სწორედ „თბილისის კონცერტინოს“ მიერ შესრულდა. სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ კომპოზიტორი ზურაბ ნადარეიშვილი ბიძინა კვერნაძის სტუდენტი იყო.

მონაწილეობენ:
სიმებიანი კვარტეტი „იბერი“
გიორგი ხაინდრავა – პირველი ვიოლინო
თამარ ბულია – მეორე ვიოლინო
ირაკლი ჯაფარიძე – ალტი
მურად იბრაგიმოვი – ჩელო
კამერული ორკესტრი „თბილისის კონცერტინო“, დირიჟორი –  გიორგი შილაკაძე.

კონცერტის სპონსორია ფონდი „Raum für Kultur“, შვეიცარია.
კამერულ ორკესტრს „თბილისის კონცერტინო“ წელს დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა.
კამერული ორკესტრი „თბილისის კონცერტინო“ 1988 წელს დააარსა კომპოზიტორმა და დირიჟორმა შავლეგ შილაკაძემ კონსერვატორიის სტუდენტთა ორკესტრის ბაზაზე.
1989 წლის შემოდგომაზე ორკესტრმა მონაწილეობა მიიღო თელავის პრესტიჟულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „ქება ვაზისა“, რაც ახალშექმნილი ორკესტრის აღიარების დადასტურება იყო.
ორკესტრს დაარსების დღიდან  ჩატარებული აქვს 400-ზე მეტი აკადემიური და საგანმანათლებლო კონცერტი საქართველოში და საზღვარგარეთ, მათ შორის, გერმანიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში.
ორკესტრის რეპერტუარი მოიცავს XVII-XX სს. კომპოზიტორთა მნიშვნელოვან კამერულ-ინსტრუმენტულ და კანტატა-ორატორიული ჟანრის ნაწარმოებებს. მათ შორის ბევრი საქართველოში პირველად სწორედ  „თბილისის კონცერტინოს“ შესრულებით აჟღერდა.
„თბილისის კონცერტინოსთან“ უთანამშრომლიათ ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს. მათ შორის არიან: ლიზა ბათიაშვილი, ედუარდ ბრუნერი, ჯულიან გალანტი, სოფი გორდელაძე, მანანა ეგაძე, ლივიუ ვარკოლი, იური კოჩნევი, ხუან ხოსე მენა, ქეთევან ქემოკლიძე და სხვები.
1990-2005 წლებში „თბილისის კონცერტინო“, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშემსრულებლო ანსამბლი, შედიოდა საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანებაში, 2006 წლიდან კი „თბილისის კონცერტინო“ აგრძელებს საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც თავისუფალი საშემსრულებლო ანსამბლი.
მრავალი წელია ორკესტრის ერთგული პარტნიორია შვეიცარიული ფონდი „Raun für Kultur“. ამ ფონდის პრეზიდენტის, ქალბატონი მარინა მილცის ძალისხმევით ორკესტრმა დღემდე შეინარჩუნა საკონცერტო მოღვაწეობის შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები