ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებული 63 მოქალაქე სასტუმროებშია დაბინავებული

0

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებული მოსახლეობა დედაქალაქის მერიამ თბილისის სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ ისანში, სასტუმრო „კალისტაში“ დაბინავებული დაზარალებულების ნაწილი მოინახულა და დახმარებას კიდევ ერთხელ დაჰპირდა.
მისივე განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, სულ 63 ადამიანის დაბინავება მოხდა თბილისის ოთხ სასტუმროში.
„პირველ რიგში, მინდა, დღევანდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით მივუსამძიმრო იმ ოჯახს, ვისთანაც დღეს ყველაზე დიდი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, ძალიან დიდი წუხილი გამოვხატო. ამ დროის მონაცემებით, სულ 63 ადამიანი გვყავს გადაყვანილი სასტუმროებში. ამ სასტუმროში 30 მოქალაქეა. აქედან ორი მცირეწლოვანი ბავშვია. რამდენიმე ოჯახი თავისივე სურვილით გადავიდა ახლობლებთან. იქ გაათენებენ ღამეს. შემდეგ ბევრი რაღაც იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა დასკვნას დადებს ექსპერტიზა, რამდენი ხანი დასჭირდება სამუშაოების ჩატარებას, რათა გამაგრებითი სამუშაოები მოხდეს“, – აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რამდენ ხანს მოუწევთ მოქალაქეებს სასტუმროებში დარჩენა.
„დღეს, მგონი, ჭიათურაში გადასვენებას აპირებენ ოჯახის წევრები. როგორც ვიცი ეს გარდაცვლილი გოგონა წარმოშობით იყო ჭიათურიდან. ჩვენ გადასვენებასაც უზრუნველვყოფთ. მერია თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს დაკრძალვის ხარჯებსაც“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი