პირს, რომელმაც მეუღლე სადილის დაგვიანების გამო აწამა და სცემა, 7 წელი მიესაჯა

მეუღლის მიმართ განხორციელებული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ იმის გამო, რომ მეუღლემ – ლ.ბ.-მ დროულად არ მიუტანა საჭმელი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით სცემა მას, ხოლო, როდესაც დაზარალებული წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იგი იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა, რა დროსაც ლ.ბ.-ს წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა. ლ.ბ. შებოჭილ მდგომარეობაში დაახლოებით ოთხი საათი იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში, გ.გ. მას ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა.
სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 17 თებერვალს დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) წარუდგინა. გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები