საქართველო ხორვატიას ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვაში დაეხმარება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხორვატიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხორვატიის საჯარო ადმინისტრაციის მინისტრ ლოვრო კუსკევიჩს შეხვდა. საუბარი ელექტრონულ მმართველობასა და სერვისების ხელმისაწვდომობას შეეხო. თეა წულუკიანმა ხორვატიის საჯარო ადმინისტრაციის მინისტრს სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს გამოცდილება გააცნო. მან ელექტრონული სერვისების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საჯარო და კერძო სექტორის მომსახურება სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად, ელექტრონულად მიიღონ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის თემას. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ელექტრონული მმართველობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, დისტანციურად, უფრო სწრაფად და გამარტივებულად მიიღონ სახელმწიფო სერვისები. თეა წულუკიანის თქმით, ელექტრონული მმართველობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი მიზანია საჯარო უწყებებში შიდა პროცესების გაციფრულება და მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის გამარტივებული, მომხმარებელზე ორიენტირებული და ხარისხიანი ელექტრონული სახელმწიფო სერვისების შეთავაზება.
ხორვატიის საჯარო ადმინისტრაციის მინისტრმა დიდი ინტერესი გამოხატა ამ სერვისის მიმართ. მისი თქმით, ხორვატია მზადაა, გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება ელექტრონული მმართველობისა და სერვისების დანერგვის კუთხით, მათ შორის, ამ კონკრეტული მიმართულებითაც. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, ქართული მხარე ხორვატიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვაში დაეხმარება.
თეა წულუკიანმა ლოვრო კუსკევიჩს საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების კონცეფცია და მუშაობის სპეციფიკაც გააცნო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქვეყნის, რეგიონის ნებისმიერ წერტილში მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა საჯარო სერვისებზე. თეა წულუკიანის თქმით, პატარა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი ცენტრების მიერ. სოფლად მცხოვრები მოქალაქეები საკუთარი სოფლებიდან გაუსვლელად კომფორტულ და თანამედროვე გარემოში იღებენ სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისს და ამისათვის მათ დიდ ქალაქებში გამგზავრება არ უწევთ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხორვატიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კოლეგა მინისტრ დრაჟენ ბოშნიაკოვიჩსა და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ხელმძღვანელ ზელჩკო პეტკოვიჩს შეხვდა. მან, ასევე, მოინახულა ხორვატიის პენიტენციური დაწესებულებები და სასჯელაღსრულების, რეაბილიტაციის, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემების ფუნქციონირებას გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები