კახაბერ ოქრიაშვილი: ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი მოქმედებებით უნდა გაიზარდოს

ბოლო პერიოდში, საზოგადოებაში, დიდი დისკუსია იმართება მედიკამენტების ხელმისაწვდომობის თემაზე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის, ხარისხიანი მედიკამენტის ხელმისაწვდომობა კვლავ ერთ-ერთ ძირითად პრობლემად რჩება. ამ და ჯანდაცვის სფეროში არსებულ სხვა გამოწვევებთან დაკავშირებით, პოზიციის დაფიქსირება კომპანია PSP-ჯგუფის დამფუძნებელს, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, კახაბერ ოქრიაშვილს ვთხოვეთ:
“მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, სამწუხაროდ, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში დღემდე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. გამონაკლისი არც საქართველოა. 1994 წლიდან, როცა „PSP”-ს ჩავუყარეთ საფუძველი, პრობლემა მედიკამენტების ფიზიკური ხელმისაწვდომობა იყო. წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ნახევარსარდაფში დაწყებული ბიზნესი ისე განგვევითარებინა, მედიკამენტების ფიზიკური ხელმისაწვდომობისთვის მიგვეღწია. დღეს ეს პრობლემა აღმოფხვრილია. თუმცა რჩება მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა – ადამიანებს არ აქვთ ფული, შეიძინონ ხარისხიანი მედიკამენტი, ხოლო ის, რაც ხარისხიანია, არ არის იაფი! ხარისხიანი მედიკამენტის წარმოება მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგია და ეს იაფი არ ჯდება. ამიტომ, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი მოქმედებების შედეგად უნდა მივაღწიოთ.
ამ საკითხის გადაწყვეტაში, სახელწიფოს ტვირთვის შემსუბუქება კერძო სექტორმა უნდა იკისროს. ყველა დასაქმებული მოქალაქე უნდა იყოს დაზღვეული დამსაქმებლის მიერ და სადაზღვევო პაკეტში მედიკამენტის კომპონენტის გათვალისწინება უნდა მოხდეს, რითაც ხარისხიანი მედიკამენტი ყველა დასაქმებულისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ხოლო საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტების კომპონენტის ჩართვა და შემდეგ გაძლიერება, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. პროგრამით, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს, ქრონიკული დაავადებების დროს გრძელვადიანად მოხმარებად მედიკამენტებზე მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობა გაიზარდა.
პირველ ეტაპზე, 2017 წლის ივლისიდან, ამოქმედდა პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა და ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შეძენის საშუალებას აძლევს. ამავე წელს, ამ პროგრამით დაახლოებით 15 000-მა ადამიანმა უკვე ისარგებლა. თუმცა იმ ნაწილისთვის, ვისაც შემოსავალი საერთოდ არ აქვს, ან ძალიან დაბალი შემოსავალი აქვს, ერთი ლარიც კი არ არის მარტივი გადასახდელი.
მეორე ეტაპზე, 2018 წლის აგვისტოდან, ყველა მოქალაქე დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტებს 50 %-მდე ფასდაკლებით იღებს. წელსვე, სექტემბრიდან, იგივე პროგრამა ამოქმედდა ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვისაც.
ხოლო 2019 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტში, მედიკამენტის კომპონენტი 20 მილიონ ლარამდე იზრდება, რაც ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.
თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში პრეპარატების წარმოების განვითარებას, რათა უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები საზოგადოების ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ფარმაცევტულ ინდუსტრიას საქართველოში სერიოზული პერსპერტივები აქვს!”, – აცხადებს კახაბერ ოქრიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები