რას აცხადებენ პროკურატურაში ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით

„ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ცემის შედეგად, ლაშა თორდიამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურაში პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურამ ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო.
„ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ცემის შედეგად, ლაშა თორდიამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. აქედან გამომდინარე, პროკურატურის მიერ ლაშა თორდია დაზარალებულად იქნა ცნობილი და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ 5000 – 5000 ლარის ოდენობით გირაო”, – განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, როგორც პროკურორმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქმის რეალური მიზეზი არის ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი ინციდენტი.
“მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ამ საქმის რეალური მიზეზი არის ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი ინციდენტი. ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან სრულად დეპოლიტიზირებულია. ჩვენ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ვიძიებთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში. რაც შეეხება იმ ვერსიას, რომელზეც დაზარალებული საუბრობს, რომ თითქოსდა აუდიტის დასკვნა გახდა მიზეზი, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ საკითხთან მიმართებითაც, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და უფრო მეტიც, აღნიშნული გამოძიება უკვე დასკვნით ფაზაშია გადასული. აღნიშნულ საქმეშიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დადებენ დასკვნას”, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები