საგარეჯოში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად აგრძელებს. როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს,საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, აღდგენითი სამუშაოები უტარდება მარცხენა მაგისტრალური არხის 14 კილომეტრიან მონაკვეთს და მასზე არსებულ სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას (გალერეა, დიუკერი, გვირაბი, სახიდე გადასასვლელი, ღვარსაშვი).
მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, კახეთში სარწყავი წყლის მიწოდება 5000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ნინოწმინდა, საგარეჯო, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი) მოსახლეობა ისარგებლებს.
საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.