ახალქალაქში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორივე მხარეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა განესაზღვრა – ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, დაშავებულები საავადმყოფოს არ ტოვებენ

ახალქალაქის ინციდენტში მონაწილე 5 პირს, რომლებიც პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან, სისხლის სამართლებრივი, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ 2 წევრს კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განესაზღვრათ.
დაშავებული 4 პირი ამ დრომდე თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტების გაწერა უკვე შეიძლება. პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები კი მათი მხარდამჭერების სამედიცინო დაწესებულებაში დარჩენას ითხოვენ.
ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული პაციენტები ჰოსპიტალურ მკურნალობას აღარ საჭიროებენ. თბილისის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის მედპერსონალი მათი საავადმყოფოდან გაწერის რეკომენდაციას იძლევა. როგორც თბილისის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 3 დღის განმავლობაში, 4 პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, გუშინ ყველა მათგანს განმეორებითი მაღალტექნოლოგიური კვლევები ჩაუტარდა და მოხდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის რევიზია სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ.
„პაციენტების მდგომარეობა შეფასებულია, როგორც დამაკმაყოფილებელი და შესაბამისი სამედიცინო რეკომენდაციებით, ყველა მათგანს შეუძლია ამბულატორიულ რეჟიმში მკურნალობის გაგრძელება. მსგავსი დიაგნოზების შემთხვევაში, ეროვნული და საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად, პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია, სახლში განაგრძონ მკურნალობის პროცესი. ტრავმებიდან გამომდინარე, არცერთი პაციენტი არ საჭიროებდა ქირურგიულ მანიპულაციას. პაციენტების ჯანმრთელობას ამ ეტაპისთვის საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, მუხლი გადაკვალიფიცირდა და სსკ-ის 126 მუხლის I პრიმა ნაწილით გრძელდება.
მომხდართან დაკავშირებით, სასამართლო განხილვა შესაძლოა, დღეს ჩაინიშნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები